სანდრო თვალჭრელიძე: რუსეთი ვერასდროს იქნება საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორი
“შეუძლებელი მგონია რუსულ ორბიტაზე დაბრუნება. ჩემი აზრით, რუსეთი ვერასდროს იქნება საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორი! დასავლეთი, თურქეთი, ჩინეთი – უკვე ბევრი მოთამაშე გამოჩნდა. რაღა დაგიმალოთ და, მე ჩინეთის ფაქტორი უფრო მაშინებს. ვგულისხმობ იმას, რომ გზებსა და მნიშვნელოვან მაგისტრალებს ჩინელები აშენებენ და კაცმა არ იცის, როგორ”, – ამის შესახებ ექსპერტი, სანდრო თვალჭრელიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, საზოგადოების განვითარებას აქვს თავისი იმანენტური კანონები, რომელთაც ვერც რუსეთის აგრესია, ვერც მათი შემოსევები ვერ გააჩერებს.
”ნება მიბოძეთ საუბარი პრეზიდენტის ვიზიტით დავიწყო, რომლის დროსაც სალომე ზურაბიშვილმა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ძალიან გამოცდილი დიპლომატია. მისი გამოსვლა ევროპარლამენტში ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, სიმართლე გითხრათ, მე უფრო გამიკვირდა 26 მაისს წარმოთქმული სიტყვა. დამოუკიდებლობის დღეს მთავრობის ასეთი მძაფრი კრიტიკა არასწორად მივიჩნიე, მაგრამ დღეს უკვე ცხადია, რომ ეს ყველაფერი იყო გააზრებული და წარმოადგენდა საგარეო ვიზიტებისთვის სამზადისს. ქალბატონი სალომეს ყველა სიტყვას აკვირდებიან ანალიტიკოსები და შესაბამის დასკვნებსაც აკეთებენ. ამ ვიზიტით და ევროპარლამენტში მისი დაბალანსებული სიტყვით მან აჩვენა ორი რამ: პირველი – საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად ყველა ერთიანი უნდა იყოს; და მეორე – შიდა და საგარეო პოლიტიკა სხვადასხვა რამეა და მიუხედავად იმისა, ქვეყანაში ხელისუფლების შტოებს შორის არის განსხვავებები და რიგ შემთხვევაში დაპირისპირებაც, ქვეყნის გარეთ, საგარეო პოლიტიკის წარმართვისას და პარტნიორებთან საუბრისას, ეს უნდა გახდეს მეორეხარისხოვანი, უმთავრესი კი უნდა იყოს საქართველოს ინტერესების დაცვა. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტები, მთავრობები იცვლებიან, ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები კი რჩება. ამიტომაც მიიღო ჩვენი პარტნიორების ასეთი მაღალი შეფასება. მან გამოხატა სწორი პოზიცია, როგორც უკრაინის მხარდაჭერის, ისე რუსეთთან დაკავშირებით. პრეზიდენტის გამოსვლაში არაფერი ყოფილა ზედმეტი, მან სრულიად სწორად გააკეთა აქცენტები საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა თუ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას. ვფიქრობ, ეს ჩვენს პარტნიორებს არ დარჩენიათ ყურადღების გარეშე…
სამწუხაროდ, საქართველო დღესაც გამოუყენებელი შესაძლებლობების ქვეყანაა. გვაქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი წინსვლისთვის, მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ ერთმანეთთან დაპირისპირებაზე ვფიქრობთ და არა ქვეყნის განვითარებაზე. ჩემი აზრით, დღეს ხელისუფლება არც პროდასავლურ და არც პრორუსულ პოლიტიკას არ აწარმოებს, ის აწარმოებს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებულ პოლიტიკას, რასაც პროქართულად წარმოადგენს. ეს კი ძალიან შორს არის იმისგან, რაც რეალურად უნდა კეთდებოდეს. ისმის კითხვა, ეს ყველაფერი როგორ წაადგება ქვეყანას? ჩემი აზრით, მსოფლიოში პოლიტიკური პროცესები ისეთ ხისტი გახდა, რომ ჩვენი ხელისუფლების გამონათქვამებს, მიდგომებს, წარმოდგენებს დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს… ჩემი აზრით, ვინც სტატუსის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას, ასე მარტივად არ უყურებს პროცესებს. ისინი ძალიან ღრმად აკვირდებიან და აანალიზებენ ყველაფერს. აფასებენ როგორც რეალპოლიტიკას, ისე გეოპოლიტიკურ პროცესებს და ა.შ. საქართველოს მდგომარეობა მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებულია, ჩვენ არ გვაქვს უშუალო საზღვარი ევროპულ სივრცესთან, მაგრამ ჩვენი გეოპოლიტიკური როლი არის სრულიად სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც, ვფიქრობ, აუცილებლად გაუწევენ ანგარიშს. ბოლოს და ბოლოს, ევროპულ სივრცეში ერთიანდებიან ხალხები და არა მთავრობები, ქართველი ხალხის პოზიცია კი ურყევია. ჩვენში მშვენივრად ესმით, რომ საქართველოს ადგილი სწორედ ევროპულ ოჯახშია. ის ენთუზიაზმი და სწრაფვა, რაც ჩვენს საზოგადოებაშია ამ თვალსაზრისით, შესაძლოა ევროპული ქვეყნებისთვისაც კი სამაგალითო იყოს. სამწუხაროდ, ქვეყანაში არის პოლიტიკური ელიტის კრიზისი, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სურს “ნაციონალური მოძრაობა”, მაგრამ “ქართული ოცნებაც” ძალიან მოჰბეზრდა, მაგრამ არა აქვთ მესამე არჩევანის საშუალება. არ ვიცი, როგორ უნდა მოხერხდეს, რომ გაჩნდეს მესამე პოლიტიკური ცენტრი, რომელიც პირველ ორს კონკურენციას გაუწევს. ქვეყანაში არსებობს საპროტესტო განწყობა, მაგრამ მისი ორგანიზება ვერ ხერხდება პოლიტიკური ძალების ჩარევის გარეშე. შესაბამისად, ეს საპროტესტო მუხტი იფლანგება ისეთი პატარ-პატარა აქციებით, რაც, მაგალითად, ამ ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტთან იმართებოდა, როდესაც იმ ყმაწვილის, გრიგორიადისის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ეს მაშინ, როდესაც მისთვის წარდგენილი ბრალდება საკმაოდ მძიმეა. ჩვენ ხომ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით იმ “მოლოტოვის კოქტეილების” სროლას. არ ვიცი, ეს ახალგაზრდა არის თუ არა ამაში დამნაშავე, ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, მაგრამ მისი გათავისუფლების მოთხოვნაში მე სამოქალაქო მიდგომას ვერ ვხედავ, სამწუხაროდ.
ამ პოლიტიკურ პროცესში ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ქვეყანა ავიწყდებათ. ჩვენი ქვეყნის ისედაც მყიფე სახელმწიფოებრიობას კიდევ ზურგში ლახვარი არ სჭირდება. ამაზე უნდა იფიქრონ და არა იმაზე, რომ მხოლოდ ერთმანეთის ჯიბრზე იმოქმედონ. ეს ძალიან ღრმა პოლიტიკური წინააღმდეგობაა, რაც ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოქმნის. გაგახსენებთ, პოლარიზაციის დაძლევა არის ერთ-ერთი პუნქტი ევროკომისიის იმ 12 რეკომენდაციიდან და არ არის გამორიცხული, ძალიან ხელშემშლელიც აღმოჩნდეს. ამაზე პასუხისმგებელი კი ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციაც არის.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით – ნამდვილად მეგონა, რომ ეს არ მოხდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თანამედროვე საქართველოში დღევანდელი მანეთი თუ დოლარი ზნეობაზე მაღლა დგას… ჩემი აზრით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, ეს არის ჯიბეში მეტი ფულის დაგროვების მცდელობა. აღმოჩნდა, რომ ხვალინდელ საქართველოზე ზრუნვას დღეს 2 კაპიკით მეტის შოვნა ურჩევნიათ. სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი მენტალიტეტი. მარტო”ქართული ოცნება” არ მოქცეულა ჩვენ უახლეს ისტორიაში ასე. გაიხსენეთ სააკაშვილის ხელისუფლება, რომელსაც ომის შემდგომ 3 მილიარდი დოლარი მისცეს და იმის ნაცვლად, დაზარალებულ მოსახლეობას მოხმარებოდა, მისი მესამედი ჯიბეში ჩაიდეს, შედეგად კი კეზერაშვილი მომენტალურად გახდა მილიარდერი. ამგვარი მიდგომები უნდა შეიცვალოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას თაობების შეცვლა სჭირდება. ერთ დღეში ვერ იქმნება სამოქალაქო საზოგადოება და მაღალი შეგნების პოლიტიკური კლასი. დღეს ყველა უპირველესად საკუთარ თავზე ფიქრობს და არა საქართველოზე. ეს არის ყველაზე მეტად ტრაგიკული და დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს. ვერ ვხედავ ამ ვითარებიდან ნორმალურ გამოსავალს… რაც შეეხება რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს, სამწუხაროდ, მოყოლებული შევარდნაძის ხელისუფლებიდან დღემდე, ეკონომიკურად სტრატეგიული ობიექტები რუსების ხელში ხვდებოდა. აღარ ჩამოვთვლი ენერგეტიკულ თუ წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიებს, ისედაც იცის ყველამ… ჩვენ არ გვაქვს სტრატეგიული ხედვა. გაიხსენეთ, ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე გასვლას და წარმატებას რამ შეუწყო ხელი – რუსულმა ემბარგომ, ჩვენი მეღვინეები იძულებული გახდნენ მკვეთრად გაეზარდათ ხარისხი. ეკონომიკის სხვა დარგებშიც იგივე მოხდება, თუ მოვახერხებთ ჩვენი ბაზრის დივერსიფიცირებას. 2-3 წელიწადი, ალბათ, გაგვიჭირდება, მაგრამ შემდგომ ყველაფერი უკეთ იქნება. მაგრამ ამას არ აკეთებენ, იმიტომ, რომ ხელმძღვანელობენ ტაქტიკით, დღევანდელი კვერცხი სჯობს ხვალინდელ ქათამსო. ეკონომიკა ძირითადად საარჩევნო კამპანიის ნაწილად არის ქცეული. მაგალითად, “ქართულ ოცნებას” გაისად არჩევნები აქვს, ეშინიათ ეკონომიკური დონე რომ დავარდეს, შესაძლოა არჩევნები ვერც მოიგონ, ამიტომაც ამყარებენ იმედს რუსულ კაპიტალზე. სანამ ჩვენს წარმოებაზე არ ვიზრუნებთ, ჩვენი ეკონომიკა სულ გამოწვევების წინაშე იქნება. გავიხსენებ თურქეთის შემთხვევას. ამ 30 წლის განმავლობაში საქართველოდან რა აღარ გაიტანეს თურქეთში გასაყიდად, მაგრამ მალევე ამ ქვეყანამ თავის წარმოებაზე დაიწყო ზრუნვა და ახლა ლამის ყველაფერს თურქეთიდან ვყიდულობთ. მან შექმნა თავისი დამოუკიდებელი, მწარმოებლური ეკონომიკა, ჩვენ კი ეს დრო ამაოდ გავფლანგეთ. როცა ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, ვცდილობდით გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგია შეგვექმნა, მაგრამ მოთხოვნა იყო მხოლოდ ოთხწლიან, არჩევნებზე მორგებულ გეგმებზე. გრძელვადიანი პერსპექტივის დანახვა და სამოქმედო გეგმის დაწერა არავის აინტერესებდა. მე მაინც მგონია, რომ საქართველო უკვე იმდენად ღია ქვეყანაა, უკვე ისეთი კავშირები გვაქვს დასავლეთთან, ჩვენი ევროინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია.
შესაბამისად, შეუძლებელი მგონია რუსულ ორბიტაზე დაბრუნება. ჩემი აზრით, რუსეთი ვერასდროს იქნება საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორი! დასავლეთი, თურქეთი, ჩინეთი – უკვე ბევრი მოთამაშე გამოჩნდა. რაღა დაგიმალოთ და, მე ჩინეთის ფაქტორი უფრო მაშინებს. ვგულისხმობ იმას, რომ გზებსა და მნიშვნელოვან მაგისტრალებს ჩინელები აშენებენ და კაცმა არ იცის, როგორ. ამიტომ ამ გზებზე გავლისას სულ იმის უნდა გეშინოდეს ადამიანს, ან ხიდი არ ჩაინგრეს, ან გვირაბი არ დაგეცეს თავზე. საზოგადოების განვითარებას აქვს თავისი იმანენტური კანონები, რომელთაც ვერც რუსეთის აგრესია, ვერც მათი შემოსევები ვერ გააჩერებს, შეიძლება ეს ოდნავ შეფერხდეს. როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, ვფიქრობ, სადღაც წელიწადნახევარში, ეს ტენდენციები მყისიერად შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი განვითარდება ისე, როგორც ჩვენ გვინდა, ვიმეორებ, ძალიან კარგია ახალგაზრდებში ეს ანტირუსული მუხტი, თან მომწონს, რომ მიმართულია არა პიროვნებების, არამედ ტენდენციების მიმართ, ანუ რუსებს ჩვენთან არ სცემენ. ჩემი აზრით, მსოფლიო კარგი მიმართულებით მიდის – რუსეთს აღარავინ ელოლიავება. ავად თუ კარგად, ჩვენც გავყვებით ამ დინებას და აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს”, – განაცხადა თვალჭრელიძემ.