მარგველაშვილის „კაპრიზი“ და წერილი საგარეო უწყებას – პრეზიდენტს ამერიკაში ვიზიტი ღარიბაშვილის პარალელურად სურს
გაზეთი „ახალი თაობა“ გაეროს ასამბლეაზე დასწრების გამო ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირების შესახებ სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის პარალელურად ამერიკაში ვიზიტი მოუსურვებია, რაშიც მას მისი ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავრიანი და იაკობაშვილიც მხარს უჭერენ.
გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ამჟამინდელი მრჩეველი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე იძულებული გახდა, მარგველაშვილის სურვილის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ოფიციალური წერილით მიემართა და ვიზიტის დაგეგმვა მოეთხოვა. აღნიშნულის შესახებ თავად ფხალაძეს საკუთარ კურსელთან დაუჩივლია. გაზეთი „ახალი თაობა“ აღნიშნულ ინფორმაციას სწორედ თენგიზ ფხალაძის კურსელის მონათხრობზე დაყრდნობით წერს.
„საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი და საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე შავ დღეში ყოფილა. ეს გაწონასწორებული პიროვნება შოკში მას შემდეგ ჩავარდა, რაც იძულებული გახდა, პრეზიდენტის მოთხოვნა გაიგო – მარგველაშვილს ნიუ – იორკში წასვლა და გაეროს ასამბლეაზე მონაწილეობა მოსურვებია. ამის შესახებ ფხალაძე თავის კურსელს ესაუბრა, რომელიც, თავის მხრივ, მარგველაშვილის მოთხოვნას უკვე ანეკდოტად ყვება, მაგრამ როცა ფხალაძის მონათხრობს გაიგებთ, მიხვდებით, რომ სასაცილოდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს. სწორედ ის კურსელი ჰყვება ფხალაძის შოკური თერაპიის შესახებ.
„გაგიჟებულია თენგო…. ვინმეს რომ მოეყოლა, არ დავიჯერებდიო. მარგველას გაეროს ასამბლეაზე წასვლა მოსურვებია და ეს მაშინ, როცა ოფიციალური მიწვევა და ღარიბაშვილის დასტური უკვე გაგზავნილი ყოფილა. თურმე პრეზიდენტმა წერილი გააგზავნინა ზალკალიანის სახელზე და ოფიციალურად მოათხოვნინა ვიზიტის მომზადება. „კაიფობ“, ზალკალიანი და ფანჯიკიძე რა დღეში ჩავარდებოდნენ?! ზალკალიანი უნახავს თენგოს და როცა წერილის შინაარსი კიდევ ერთხელ უთქვამს, ანუ პრეზიდენტის ვიზიტი უეჭველი უნდა მოამზადოთო, ჯერ დელიკატურად დაუმხია იმას თავზე ყველაფერი, მერე კიდევ კინაღამ ფანჯრიდან გადაუგდია. გადარჩენილი ვარო, ასე ამბობდა, მაგდებდა ზალკალიანიო. სამი თვეა, საგარეო უწყება ამ ვიზიტს ალაგებს თურმე და უცებ გამოხტა თენგო ფხალაძე და მარგველაშვილის სურვილს ოფიციალური წერილით უმყარებს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ზალკალიანი მართალიაო, ასე ამბობს და მე რა ჯანდაბა ვქნა, ეგ არ ვიციო. აქეთ თურმე მარგველაშვილი აწვება, გინდა თუ არა, სექტემბრის ბოლოს ამერიკაში უნდა ვიყო და გაეროს სხდომას უნდა დავესწროო, იქეთ საგარეო საქმეთა სამინისტრო დასცინის და თითს უქნევს… თენგო ამბობს, გაარეკინეს მარგველაშვილსო. ვანოსთვის უთქვამს, მაჭავარიანისთვის, დამეხმარეო და იმან კიდევ ცეცხლზე ნავთი დაასხა, შენ საქართველოს იმიჯი კი არა, პრეზიდენტის იმიჯი გაბარია, დაიკიდე ქვეყნის ინტერესები და მარგველაშვილი ამერიკაში ჩაიყვანეო. იქიდან კიდევ იაკობაშვილი უბურღავს თურმე ტვინს, აქამდე ჩამოდიო, ამას ეუბნება პრეზიდენტს და შეხვედრები ჩემზე იყოსო. თენგო ამბობს, უეჭველი ვიცი ახლა, ვიღაც “ჭ“-კლასის კონგრესმენებს ან სენატორებს შეახვედრებს და მერე აქეთ დაამადლის, რა შეხვედრები გაგიჩითეო, მე კიდევ ჰაერში წამიღებენო… ეს არასრული მონოლოგი ფხალაძის კურსელს ეკუთვნის. მისი კურსელიც კი გაოცებულია, წლებია თენგოს ვიცნობ და ეს გაწონასწორებული კაცი ასეთ დღეში არასდროს მინახავს, თავი სძულს და ისიც არ იცის, გამოსავალი როგორ იპოვოსო. თუმცა, ისე ჩანს, ფხალაძის კურსელი და ამ ამბის განდობის გათვალისწინებით, ძალიან კარგი მეგობარი, ბატონი თენგიზის მონათხრობს სიცილ-ხარხარით კურსელებში კი არა, სამეზობლოში ყვება… თურმე თენგო მარგველაშვილს უხსნის, „ბანანის რესპუბლიკის“ ლიდერებიც კი არ მოიქცევიან ასე, გაეროს ისტორიას არ ახსოვს, ორი ლიდერის ერთად ჩასვლა, ან დაუპატიჟებლად ჩასვლა რა პონტია, მიშა ხომ არ ხარ, კიბის თავში დადგე და ობამას გამოჩენას დაელოდო ხელის ჩამოსართმევადო. თან კაიფობს კიდეც, მაგის დედა ვატირე, მიშას სახეზე მაინც იცნობდნენ, ეს რომ ობამასკენ გაქანდეს, დაცვამ შეიძლება არ მიუშვას, ხელები გადაუგრიხოს, სულ გაფარჩაკდებაო რა… ისე, რას ერჩით, არ ტყუის ფხალაძე. კიდევ კარგი, მარგველაშვილს წვერი მაინც გაპარსული აქვს, თორემ მართლა რომ ობამას გამოჩენას წვერებიანი ჩასაფრებოდა, ეგებ დაცვას იმაზე უარესი ექნა, ვიდრე 2008 წელს სააკაშვილს უქნეს გორში და მიწაზე აფორთხიალეს. პრინციპში, გაეროს შტაბ-ბინის იატაკი გორის ასფალტივით მტვრიანი არ იქნება და მარგველაშვილს ტანისამოსის ფერთხვა მაინც არ დასჭირდება, თუმცა… სიმართლე გითხრათ, როცა ეს ინფორმაცია და ფხალაძის მონათხრობი გავიგეთ, ხუმრობა გვეგონა. მერე და მერე, როცა ინფორმაცია გადავამოწმეთ და სწორედ იმ კურსელამდე მივედით, მივხვდით, რომ საქმე, მართლაც, სერიოზულად არის და მარგველაშვილის იმიჯს ვინ ჩივის, ქვეყნის იმიჯია სერიოზული საფრთხის ქვეშ.
გაეროს სესიების ისტორიას თუ გადავხედავთ, ანალოგიური პრეცედენტი, მართლაც, არ ყოფილა და საერთაშორისო მასშტაბით დაცინვა და ქირქილი გარანტირებული გვაქვს. თენგო ამბობს, თანამდებობაც აღარ მინდა, არაფერი აღარ მინდაო… ოდნავ მაინც რომ ვიცოდე, რომ ანალოგიური რამის გაკეთება შეიძლება, კიდევ ჰო, მაგრამ სისულელეა დიდი და რაც მთავარია, ეს სისულელე მერე უნდა დამბრალდესო. ვის გინდა აუხსნა, რომ მარგველაშვილი მე კი არა, ამერიკაში იაკობაშვილს და აქ კიდევ მაჭავარიანს უჯერებს და სულელური კაპრიზის გამო, მთელი ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებსო. თურმე ჭირვეული ბავშვივით ყოფილა მარგველა, მინდაო გაიძახის და მორჩა. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტია, მწყემსი ხომ არა, რომ ვერ მიხვდეს, რამხელა სისულელეა. თავზე დაგვამხობენ როგორც შიგნით, ისე გარეთ და მართლებიც იქნებიანო. თენგო მეცოდება, მაგარ შარშია, თორემ მარგველას რა ენაღვლება, წინდებს მოქსოვს და დაიწყნარებს ნერვებს, – ყვება ფხალაძის კურსელი. ჰოდა, ასე ჩივის ფხალაძე თავის საუკეთესო მეგობართან და ისე ჩანს, მალე ის ავბედითი წერილიც გამოჩნდება, რომლის დაწერა თუ მიწერა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის პრეზიდენტმა სწორედ ფხალაძეს აიძულა… საქართველოს უახლეს ისტორიას ჭირვეული პრეზიდენტი ახსოვს. ისიც ახსოვს, ის ჭირვეული პრეზიდენტი სხვადასხვა ოფიციალურ შეხვედრებზე დაუპატიჟებლად რომ დადიოდა და ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერს კიბის ბოლოს ელოდებოდა, ხელი რომ ჩამოერთმია და ტელევიზიებს რომ გადაეღოთ. ისიც გვახსოვს, თვითმფრინავიდან ჩამოსვლა რომ არ უნდოდა და თბილისის აეროპორტის დანახვაზე გიჟდებოდა, კიდევ სადმე გავფრინდეთო და მერე დედა მოჰყავდათ ჭირვეული შვილის დასაშოშმინებლად. იმ პრეზიდენტმა როგორ დაასრულა, ყველამ იცის და… ეს ჭირვეულობა რაღაც ფილოსოფიური ქვასავით არის, არა გიორგი?!“, – წერს გამოეცემა. შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური ანსამბლეის 69-ე სესია 26 სექტემბერს ტარდება. სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმება და ასევე დადეგმილია პრემიერის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ბან კი-მუნთან. მანამდე კი, 23 სექტემბერს, ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, ბარაკ და მიშელ ობამების მიერ ორგანიზებულ მიწვევას დაესწრება. ამერიკის პრეზიდენტისა და პირველი ლედის მიწვევაზე დასწრება უკვე დადასტურებულია.