გორის მერმა სოფელ შავშვებში რეაბილიტირებული კულტურის სახლი დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოადგილესთან ნიკა ღვინიაშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, სოფელ შავშვებში რეაბილიტირებული კულტურის სახლი დაათვალიერა.

კულტურის სახლის რეაბილიტაცია, ადგილობრივების მოთხოვნით, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა.
შენობას, სადაც მოზარდების სხვადასხვა სახელოვნებო წრეები ფუნქციონირებდა, რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არ ჩასტარებია.

რეაბილიტირებული კულტურის სახლი კიდევ უფრო მეტად დაიტვირთება და ბავშვები კეთილმოწყობილ და თბილ შენობაში შეძლებენ დაეუფლონ სახელოვნებო და შემოქმედებით პროგრამებს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ახლადაშენებული საქაშეთის საბავშვო ბაღი და ახალდაბაში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა.

ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ამ დრომდე საქაშეთში მცხოვრები აღსაზრდელები გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ დაქირავებულ კერძო სახლში იღებენ სკოლამდელ განათლებას.

ახალდაბის შიდა გზის რეაბილიტაცია 1 330 მეტრზეა დაგეგმილი.
პროექტის მიხედვით, მიმდინარეობს ტრანსპორტის სავალი ნაწილის, სანიაღვრეების, მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები