“რომელი ჭკვიანი ფიქრობს, პუტინმა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ავიაფრენების აღდგენის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საქართველოზე შესტკივა გული?!” – ვახტანგ ძაბირაძე
“რომელი ჭკვიანი ფიქრობს, პუტინმა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ავიაფრენების აღდგენის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საქართველოზე შესტკივა გული?! რუსები იღებენ მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს, რაც მათ სჭირდებათ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.
მისივე თქმით, დასავლეთი უნდა მიხვდეს, რომ დღეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს.
“ჰიბრიდული ომის იმ სახეობას, რომელსაც ჰქვია რბილი ძალა და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დაპირისპირება, რუსეთი საქართველოში 30 წელია იყენებს. თუმცა რუსულ ფაქტორზე დიდი პრობლემა ქართველების ძალაუფლების სიყვარულია. რაც თავი მახსოვს, ეროვნული მოძრაობიდან დღემდე, საქართველო ყოველთვის ორ ნაწილად იყო გაყოფილი – ხელისუფლებად და ოპოზიციად. ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, მუდმივად ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, ოპოზიციაში დარჩენილები კი მუდმივად იძულებული არიან მათ დაუპირისპირდნენ. დღემდე ვერ შევქმენით ისეთი სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პოლიტიკური ძალები გავლენებისა და ძალაუფლებისთვის კი არ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ საქმის კეთებაში გაუწევენ ერთმანეთს კონკურენციას. შესაბამისად, ხელისუფლება იცვლება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში დაპირისპირება ზღვარს აღწევს და სამოქალაქო დაპირისპირებაში გადადის. რა თქმა უნდა, რუსეთი ყოველთვის თავის სასარგებლოდ იყენებს, რომ ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო არა გვაქვს.
სანამ ჩვენ საკუთარ მანკიერებებს არ ვაღიარებთ, რუსეთი ყოველთვის შეძლებს აქ არეულობის ინსპირირებას. ავიამიმოსვლის აღდგენა კი არ არის მთავარი პრობლემა, არამედ ის, რომ სწორედ მაშინ ვიწყებთ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს მის იზოლაციაში მოქცევას. იქმნება განცდა, რომ ჩვენ პუტინს იზოლაციისგან თავის დაღწევაში ვეხმარებით, თორემ რა მნიშვნელობა აქვს, რუსი ლარსიდან ავტობუსით შემოვა თუ პირდაპირ თბილისში ჩამოფრინდება?! რაც შეეხება მოლდოვის მაგალითს, მოლდოვა დსთ-შია და რუსეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს, მაგრამ ასე იყო ომის დაწყებამდეც. სამაგიეროდ, კიშინიოვი ახლა ნელ-ნელა იწყებს მოსკოვისგან დისტანცირებას. ჩვენთან სულ სხვა ვითარება იყო. მართალია “ქართული ოცნება”, როცა ამბობს, ჩვენ მოლდოვაზე წინ ვართ როგორც დემოკრატიის განვითარებით, ისე სხვა მაჩვენებლებითაცო, მაგრამ კანდიდატის სტატუსი მათ მისცეს და არა ჩვენ. ჩვენ უკრაინაზე წინაც ვიყავით, მაგრამ პრობლემა ის არის, ომის დაწყების შემდეგ ჩვენ სწორ მხარეს არ აღმოვჩნდით. ლამის მესამე მსოფლიო ომი დაიწყო რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის და ჩვენ რუსეთისკენ გადავდგით ნაბიჯი, მოლდოვამ კი დასავლეთისკენ დაიწყო სვლა… დაიწყო პროცესი, დასავლეთი იზოლაციაში აქცევს რუსეთს და იმის მაგივრად, ამ მომენტით ჩვენც ვისარგებლოთ, ახლა ვიწყებთ საკუთარ მტერთან დამეგობრებას. მოლდოვა წინ მიდის, ჩვენ – უკან. ესე იგი, პრობლემა ფრენების აღდგენა და უვიზო რეჟიმი კი არა, რუსეთთან დამეგობრებაა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა სულაც არ არის უსაფრთხო. გაგახსენებთ, საბჭოთა კავშირის მთავრობამ ავღანეთში ხელისუფლების შესაცვლელად სწორედ ქაბულის აეროპორტი გამოიყენა. ხელისუფლება ვალდებულია, ყველა რისკი გათვალოს…
გაიხსენეთ, როგორი იყო დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ პირველი ორი კვირის განმავლობაში. მაშინაც მხოლოდ აღშფოთების გამომხატველი განცხადებებით შემოიფარგლნენ. ორი კვირა ბომბავდა რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას, მაგრამ დასავლეთი თითს არ ანძრევდა. მეტიც, ზელენსკის თავშესაფარი შესთავაზეს. ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა და დასავლეთს უკრაინისთვის ჯერ კიდევ არა აქვს სრულად გადაცემული შეტევისთვის საჭირო იარაღი. დღესაც კი ყოყმანობენ. ასეა თუ ისე, დღეს ხომ მივიდა დასავლეთი იმ კონდიციამდე, რომ დაიწყო რუსეთის იზოლაციაში მოქცევა?! ჩვენ რატომ არ ვსარგებლობთ ამით?! ჩვენ ახლა მხოლოდ უკრაინაში რუსულ ოკუპაციაზე კი არა, საქართველოს ოკუპაციაზეც უნდა ვლაპარაკობდეთ. რომელი ჭკვიანი ფიქრობს, პუტინმა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ავიაფრენების აღდგენის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საქართველოზე შესტკივა გული?! რუსები იღებენ მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს, რაც მათ სჭირდებათ.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რომ “ბოლო დროს პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად საუბრობენ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შესაძლებლობაზე…” – სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ, რომ ფორმალური გადაწყვეტილებები მართლაც მიიღონ აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხზე, ვინაიდან რუსეთს ძალიან სჭირდება საქართველოზე კონტროლის აღდგენა, რაც ნიშნავს იმ სატრანზიტო დერეფანზე კონტროლის აღდგენასაც, რომელიც დღეს დასავლეთს ძალიან სჭირდება. ამასთან, რუსეთს ძალიან უნდა აფხაზეთის რკინიგზის გახსნა. ავიამიმოსვლის განახლება პირველი და საცდელი ნაბიჯია. შეხედავენ, როგორ მიიღებს ამ ყველაფერს ქართველი ხალხი და ნელ-ნელა რკინიგზის გახსნაზე საუბარსაც შემოგვაპარებენ. რუსეთში დიდი ხანია მსჯელობენ საქართველო-სომხეთი-ირანი-რუსეთის სარკინიგზო ხაზზე. რაც შეეხება აფხაზეთისა და ცხინვალის საქართველოს იურისდიქციაში მოქცევას, რუსეთი ამას არ დაუშვებს, მხოლოდ დაპირებებს დაგვაჯერებს.
დასავლეთი უნდა მიხვდეს, რომ დღეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს. ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ძალიან მაგრად მუშაობს ანტიდასავლური პროპაგანდა და თუ სტატუსზე უარს გვეტყვიან, პრორუსებს დიდ კოზირს ჩაუგდებენ ხელში… მოგვწონს თუ არა, უვიზო მიმოსვლა რუსეთთან ის საკითხია, რომელსაც ჩვენს საზოგადოებაში მხარდამჭერები ჰყავს, “ქართული ოცნება” ამას ხედავს და უკვე აგრესიულ ანტიდასავლურ რიტორიკაზე გადადის. ოპოზიციურ ფლანგზე კი ქაოსია. “ნაცმოძრაობაში” ისეთი ამბებია, ეშმაკი პირჯვარს იწერს. ეს ძალიან მომგებიანია ხელისუფლებისათვის. დღეს რომ არჩევნები იყო, შეიძლება “ნაციონალებმა” 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახონ. ქვეყანაში ძალიან დიდი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატია, მაგრამ თუ არაფერი შეიცვალა, არჩევნებზე ეს ხალხი აღარ მივა და დარჩება ბურთი და მოედანი “ქართულ ოცნებას”… რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგეჩვენოთ, ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინაზე – თუ ომს მოიგებს, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა უვნებლად დავაღწიოთ თავი ქარიშხალს. თუ იქ პრობლემები გაჩნდა, პრობლემები გვექნება ჩვენც”, – განაცხადა ძაბირაძემ.