პროკურორი: მალხაზ პაქსაშვილის წინააღმდეგ მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება მისი მონაწილეობა ტერორისტულ საქმიანობასა და საბრძოლო მოქმედებებში 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურის, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილს საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება.

როგორც პროკურორმა მაია სილაგაძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ბრალდების მხარე მალხაზ პაქსაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

რაც შეეხება კითხვას, თუ როდის გადმოკვეთა მალხაზ პაქსაშვილმა საქართველოს საზღვარი, როგორც პროკურორი განმარტავს, საქმეს გრიფი “საიდუმლო“ ადევს და ყველა დეტალზე საჯაროდ ვერ ისაუბრებს.

„სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ბრალდებულის სახით დაკავებულია ერთი პირი, რომელიც გაერთიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოში” და სირიის ტერიტორიაზე აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში. ის სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს და ბრალდების მხარემ სასამართლოს უკვე მიმართა შუამდგომლობით, რომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებული გაერთიანდა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაში და მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, მათ შორის არსებობს ვიდეომასალაც.

თუმცა, რამდენიმე წლის წინ მან ნამდვილად გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მას შემდგომ, რაც მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, რომ ის იმყოფებოდა სირიის ტერიტორიაზე და სირიაში მონაწილეობდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ მოქმედებებში ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ გაცემულიყო განჩინება მისი დაკავების შესახებ, რაც მოხდა კიდეც. ამჟამად, შეტანილი გვაქვს შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდების შესახებ”, – განაცხადა მაია სილაგაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები