იაპონიის მთავრობის დაფინანსებით, მარნეულის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შემკრები მანქანა გადაეცა
მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა პროექტის გახსნის ღონისძიება რომელიც იაპონიის მთავრობამ, იაპონელი ხალხის კეთილი ნებით დააფინანსა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება იმამურა აკირა; ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი; მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე.
პროექტის ფარგლებში, შეძენილ იქნა ნარჩენების შემკრები მანქანა, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების დროულ გატანას მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანისა და წერეთლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებიდან, რათა ზიანი არ მიადგეს გარემოს და ადამიანს. პროექტი განხორციელდა იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, გრანტის მოცულობა: 82,243 აშშ დოლარი.
ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირე მასშტაბიან პროექტებს და ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სიღარიბის დაძლევა. 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 200-ზე მეტი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 25 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგინა.