დავით შერაზადიშვილი სოფელ ტალავერში იფთარს დაესწრო
სოფელ ტალავერში დღეს რამაზანის თვესთან დაკავშირებით იფთარი (მარხვის ვახშამი) მოეწყო. იფთარს ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
დავით შერაზადიშვილმა მუსლიმ მრევლს რამაზანის თვე მიულოცა და იფთარზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდი ჩვენს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს იფთარზე მიწვევისთვის. მსურს თითოეულ მორწმუნეს რამაზანის თვე მივულოცო. რამაზანს ჩვენი ქვეყნისა და სრულიად მსოფლიოსთვის მშვიდობა და კეთილდღეობა მოეტანოს. ქართველებსა და აზერბაიჯანელებს მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრება და მეგობრობა გვაკავშირებს, ჩვენ ერთმანეთის ტრადიციებსა და კულტურას პატივს ვცემთ, ვუფრთხილდებით, რაც დღევანდელმა იფთარმაც უდავოდ დაადასტურა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები ვამაყობთ იმ ტოლერანტული გარემოთი რაც ჩვენთანაა შექმნილი. ჩვენ ნათლად გვაქვს გააზრებული თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება მრავალფეროვნებასა და ჰარმონიულ თანაცხოვრებას. დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდება და ყველანი ერთად საქართველოს წინსვლაში ჩვენს მცირედ წვლილს შევიტანთ“- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.