შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს, – განცხადებას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე.
შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ხანძარი სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.