შსს-მ სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

მეხანძრე-მაშველები ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

„ამ დროისთვის, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 16 სახანძრო ეკიპაჟი, მეხანძრე-მაშველების სწრაფმა და ოპერატიულმა მოქმედებამ მოგვცა საშუალება, რომ დროულად მომხდარიყო ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ უკვე – ლიკვიდაცია. იყო ცეცხლის გვერდზე მდგომ შენობებზე გადასვლის საფრთხე, რაც მეხანძრე-მაშველებმა აღკვეთეს“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები