საგარეჯოს მერია: წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა გრძელდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, პირველ მოადგილე ემზარი კუჭუაშვილთან ერთად, წარმატებულ ახალგაზრდებს, სამართლის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტს, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიატს – ზუკა მეკოკიშვილს, გაეროს საერთაშორისო ახალგაზრდული კონფერენციის სპიკერს – გიორგი უნაფქოშვილს და ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელს და კახეთის 10 გზის ჩემპიონს – ზუკა გამრეკელაშვილს შეხვდა.
საგარეჯოს მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, რჩევებისა და წინადადებების გაზიარება იყო, თუ როგორი, კურსით უნდა გააგრძელოს ადგილობრივმა მმართველობამ მუშაობა, რათა ახალგაზრდებს საზოგადოებასთან ინტეგრირებასა და წარმატების მისაღწევად საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში დავეხმაროთ.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, მუნიციპალიტეტის მერმა მიღწეული წარმატებისთვის სტუმრებს მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მხარდაჭერაზე ესაუბრა.
„მიხარია და ამაყი ვარ, რომ მუნიციპალიტეტს თქვენნაირი ახალგაზრდები ჰყავს, დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი ფასდაუდებელ წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში და თქვენს ცოდნას, გამოცდილებას მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას მოახმართ.
მადლობა მინდა გადავუხადო პედაგოგებსა და მშობლებს, რადგან მათი წვლილი დიდია თქვენს წარმატებაში.
თქვენი ეს წარმატება თავისთავად განაპირობებს თქვენს უნარებს და შესაძლებლობებს. ამიტომ, მიზნისკენ სწრაფვის ტემპი არ უნდა შეანელოთ და უფრო მეტი მწვერვალი დაიპყროთ.
გადავწყვიტე, რომ წარმატებულ ახალგაზრდებს ყოველწლიურად გადავცეთ ერთჯერადი ფულადი ჯილდო, რათა ავუმაღლოთ მოტივაცია და განწყობა. უმნიშვნელოვანესია პრაქტიკული ახალგაზრდული საქმიანობის პოზიტიური გავლენა ინდივიდუალურ, სოციალურ და ეროვნულ დონეზე.
ჩემი და ჩემი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობაა.
გილოცავთ, მიგულეთ ყოველთვის გულშემატკივრად”! – აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა შეხვედრისას.