გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკისთან ერთად, ჭავჭავაძის გამზირზე, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო დევნილი ქალი მეწარმეების ხელნაკეთი ნამუშევრები, მათ შორის, სამკაულები, ნაქსოვი სათამაშოები, ტექსტილის პროდუქცია, კერამიკული ნაწარმი, ასევე სასურსათო პროდუქცია.

მთავრობის თავმჯდომარემ, სტუმრებთან ერთად გამოფენილი პროდუქცია დაათვალიერა, მეწარმეებს გაესაუბრა და ღონისძიების მხარდამჭერებს მადლობა გადახადა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანს დევნილ მეწარმეთა ხელშეწყობა, გაძლიერება და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები