რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ „კორტების სპეცოპერაცია“, რომლის დამგეგმავები და განმახორციელებლები თითქმის გმირებად შერაცხეს, იყო მიზანმიმართული მკვლელობა
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა ქართველი ხალხი, რომ „სპეცოპერაცია“, რომლის დამგეგმავები და განმახორციელებლები თითქმის გმირებად შერაცხეს, იყო მიზანმიმართული მკვლელობა და არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„კორტების სპეცოპერაციის საქმე არის ერთ-ერთი სამარცხვინო ეპიზოდი ჩვენი ისტორიიდან. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, როცა ჩვენ ვინმე გვაბრალებს ადამიანის უფლებების დარღვევასა და წამებას, როგორც ხედავთ, ამ პერიოდში გამოვიდა უკვე მეორე გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოდან. ერთი იყო „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც სასამართლომ დაადასტურა, რომ ციხეებში ხდებოდა წამება, ეს იყო მასობრივი მოვლენა და მათ შორის ცოცხალ ადამიანებს აბამდნენ გარდაცვლილ ადამიანებზე, რომ დაემორჩილებინათ. ახლა რაც შეეხება „კორტების საქმეს“, ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა ის, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა ქართველი ხალხი, რომ „სპეცოპერაცია“, რომლის დამგეგმავები და განმახორციელებლები თითქმის გმირებად შერაცხეს, იყო მიზანმიმართული მკვლელობა და არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. დადასტურდა, რომ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს სახელმწიფოს სახელით მოქმედი ადამიანები მიზანმიმართულად კლავდნენ და აწამებდნენ. რა უნდა იყოს ამაზე მძიმე ბრალდებები მთელი ამ რეჟიმისთვის?“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე თქმით, ეს იყო მიზანმიმართული მკვლელების და მწამებლების რეჟიმი და დღეს ეს ადამიანები გვესაუბრებიან დემოკრატიაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, ევროპასა და დასავლურ ცივილიზაციაზე.
„ხშირად გვესმის სასამართლო ხელისუფლების კრიტიკა, მოიხსენიებენ გარკვეული უდიერი ეპითეტების გამოყენებით, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ხაზგასმით თქვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მთლიანად მართლმსაჯულება წარმართული იყო სწორი ფორმით და უკვე ისტორიულად დადასტურდა, რომ ის სპეცოპერაცია იყო დაგეგმილი მკვლელობა. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ადამიანის ღირსება და მისი ხელშეუვალობა. მთელი ამ სისტემის არქიტექტორები, ასევე უშუალო შემსრულებლები, რომლებიც ციხეებში აწამებდნენ და გარეთ, სახელმწიფოს სახელით კლავდნენ, დღეს სასჯელს იხდიან პენიტენციურ დაწესებულებებში და მათი ყველა უფლება არის გარანტირებული. რაოდენ უღირსადაც არ უნდა მოიქცეს ადამიანი, მას სახელმწიფო უნდა მოეპყროს ღირსეულად. ამ ყველაფრით დასტურდება ის პროევროპული კურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს არჩეული და იმ ცივილიზებული სამყაროს ღირებულებათა პატივისცემა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვავლენთ“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა.