ქართველი ბიზნესმენები საპატიო კონსულებად – რატომ ყიდულობენ ისინი სტატუსს უცხო ქვეყანაში?!

კომპანიებების „კოკა-კოლას“, „პსპ“-ს, „შატო-მუხრანის“ „ჯი-ვი-ეს“-ის და შპს „საბას“ პირველი პირები ბიზნესსაქმიანობის პარალელურად საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საპატიო კონსულის სტატუსს ითავსებენ. 1 სექტემბრიდან ისინი დიპლომატიური შეღავათებით, რომელიც მათ სხვადასხვა პრივილეგიებს ანიჭებდათ, ვეღარ ისარგებლებენ. საპატიო კონსულებს დიპლომატიური შეღავათები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი რეგულაციების შესაბამისად უუქმდებათ.

რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ საქართველოში სხვადსხვა ქვეყნის საპატიო კონსულები, – ამ კითხვით „კვირა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის 8 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს წარედგინა დიპლომატიური პროტოკოლის გზამკვლევი. გზამკვლევში თავმოყრილია საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური მისიების, საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული საპროტოკოლო წესები.
აქამდე საკონსულოები სარგებლობდნენ ამ პრივილეგიებით, რითაც იღრვეოდა ვენის კონვენცია და საქართველოს კანონმდებლობა.

კერძოდ:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სანომრე ნიშნები – ვენის კონვენციით მათ არ ეკუთვნით დიპლომატური სანომრე ნიშნები. არსებული სტატისტიკით კი საქართველოში მოღვაწე თითო საპატიო კონსულზე ირიცხება სულ მცირე 3 მანქანა მაინც, ყველაზე ბევრი-5, მათ შორის სატვირთო ავტომანქანები, რაც ნიშნავს იმას, რომ რადგან ეს მანქანები ფლობენ დიპლომატიურ სანომრე ნიშნებს, ისინი გათავლსუფლებულები არიან ჯარიმისგან, ასევე ტვირთები, რომლებიც შემოდის ამ ნომრის მოქნე მანქნებით არ მოწმდება საბაჟოზე, ასევე ისინი ამ ავტომანქანების შეძენისას თავისუფლდებიან დღგ-ს გადასახადისგან. ანუ მთელი ამ წლების განმალობაში კონსულები სარგებლობდნენ ამ პრივილეგიებით, რითაც ფაქტობრივად გადასახადებს აკლებდნენ სახელმწიფოს.

ბ) დაცვა – ვენის კონვენციით საპატიო კოსნულს არ ეკუთვნის დაცვა, თუმცა საქართველოში მოღვაწე საპატიო კონსულები სარგებლობენ დაცვის სამსახურით, ანუ რეზიდენციებს იცავენ და თითო საპატიო კონსულის დაცვა სახელმწიფოს უჯდება წელიწადში 20 880 ლარი.

გ) სპეციალური ბარათები – აქამდე არსებულ ბარათებზე ვრცელდებოდა საგადასახადო შეღავათები. მათ შეეძლოთ ყველანაირი სახის პროდუქტი (დაწყებული საკვები პროდუქტიდან-დასრულებული ავეჯით და ა.შ) შეეძინათ გადასახადების გარეშე, რაც საპატიო კოსნულებს, როგორც დიპლომატიური სტატუსის არმქონე პირებს არ ეკუთვნით. ვენის კონვენციის მესამე თავში, პარაგრაფი 62 კონკრეტულად არის გაწერილი ის შემთხვევები, როცა საპატიო კონსულს უფლება აქვს ისარგებლოს გარკვეული საგადასახადო შეღავათებით (ეს არის მხოლოდ საკანცელარიო ნივთების იმპორტი, და ისიც უნდა იყოს შეძენილი იმ ქვეყნის მიერ, რომელ ქვეყანასაც ისინი წარმოადგენენ) და ეს პრინციპი და უფლებები ასევე დაცულია ჩვენს დოკუმენტში. მათ გაუუქმდათ ეს ბარათები და ახლო მომავალში გადაეცემათ ახალი ბარათები.

დ) დიპლომატიური იმუნიტეტი – კონვენციაში აღნიშნულია, რომ პირი სარგებლობს იმუნიტეტით მხოლოდ საპატიო კონსულის საქმიანობის განხორციელების პროცესში.10407234_800510176638144_7292146852478129505_n

სწორედ ამ ახალი რეგულაციების შემოღებას საპატიო კონსულების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. „კვირა“ სხვადასხვა ქვეყნის საპატიო კონსულს დაუკავშირდა და რამდენიმე მათგანს გაესაუბრა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში საპატიო კონსულები ძირითადად ადგილობრივი, ცნობილი ბიზნესმენები არიან და დიპლომატიური შეღავათებით დღემდე სარგებლობენ.
ბიზნესმენი თემურ ჭყონია, რომლის სახელიც „კოკა-კოლასთან“ ასოცირდება, მექსიკის გაერთიანებული შტატების საპატიო კონსულია და უკვე 9 წელიწადია ამ თანამდებობას იკავებს. აღსანიშნავია, რომ მექსკის გაერთიანებული შტატების საკონსულო, წერეთლის გამზირზე N 141-ში მდებარეობს, იქ, სადაც „კოკა-კოლას“ შენობაა განთავსებული.
„მექსიკის საკონსულო „კოკა-კოლას“ შენობაში, წერეთლის გამზირის 114-ში მდებარეობს. ბატონი თემური თათბირზეა, იგი ამავდროულად „კოკა-კოლას“ დირექტორია. მას ორი თანამდებობა უკავია და თათბირს ატარებს“, – განუცხადა „კვირას“ მექსიკის გაერთიანებული შტატების საპატიო კონსულის თანაშემწემ ინგა გურგენიძემ.
როგორც „კვირას“ თემურ ჭყონიამ განუცხადა, იგი საპატიო კონსულად მექსიკის პრეზიდენტმა ვიცენტე კესადე ფოქსმა (2006-2012 ) წლამდე, იმის გამო დანიშნა, რომ სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, მექსიკაში „კოკა-კოლას“ მფობელი იყო.
„უკვე 9 წელია მექსიკის გაერთიანებული შტატების საპატიო კონსული ვარ. ზუსტად აღარ მახსოვს როდის დავინიშნე, ძალიან დიდი ხანია ამ თანამდებობაზე ვარ. რა შეღავათებზეა საუბარი არ კი ვიცი, გვაქვს წითელი ნომრები, მაგრამ წითელ ნომრებს რა შეღავათები აქვს არც ვიცი, რა დღგ-ზე და შეღავათებზე შეიძლება საუბარი თემურ ჭყონიასთან, როდესაც წელიწადში საქართველოს ბიუჯეტში „კოკა-კოლადან“ 54 მილიონი ლარი გადავიხადე. მე საქართველოს მოქალაქე ვარ. მთელ მსოფლიოში საპატიო კონსულებად ბიზნესმენებს და ცნობილ ადამიანებს ნიშნავენ. მექსიკის პრეზიდენტმა ვიცენტე კესადე ფოქსმა კონსულად (2006-2012 ) დამნიშნა, რომელიც გაპრეზიდენტებამდე მექსიკაში „კოკა-კოლას“ ქარხნის მფლობელი იყო. როდესაც დადგა საკითხი, ვინ გახდებოდა მისი სახელმწიფოს საპატიო კონსული საქართველოში, ბუნებრივია დამნიშნა მე.
გარდა ამისა, ჩვენ რაღაცა ფორმით ვიყავით კოლეგები. საკონსულო ყველაფერს აკეთებს საკუთარი ხარჯებით. საპატიო კონსული იმიტომ მქვია, რომ მექსიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები გავაუმჯობესო“, – განუცხადა „კვირას“ თემურ ჭყონიამ.
საპატიო კონსულმა თემურ ჭყონიამ 9 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში, საქართველო-მექსიკის ურთიერთობის გაღრმავებაში მისი მონაწილეობის მხოლოდ რამდენიმე ფაქტი გაიხსენა.
„დავეხმარე კი… მექსიკიდან ბიზმნესმენები იყვნენ ჩამოსულები და საქართველოს მთავრობას შევახვედრე, ისაუბრეს, ივახშმეს და ამის შემდეგ ურთიერთობებს გააგრძელებენ. გარდა ამისა, ეროვნული მუზეუმის დირექტორის დავით ლორთქიფანიძესა და მექსიკის ელჩთან ერთად მექსიკელი მხატვრებისა და ფერმწერთა საინტერსო გამოფენა მოვაწყეთ ეროვნულ მუზეუმში. ახლა მე ტელეფონი გადავდო და მოგიყვეთ რა გავაკეთე? იცით რამდენი საქმე მაქვს“? – აღნიშნა ბიზნესმენმა.10609619_800510366638125_2146198363865304613_n
„კვირა“ ფინეთის საპატიო კონსულს დაუკავშირდა. იგი ექსპერტი ალექსანდრე რონდელი აღმოჩნდა. მისი თქმით, იგი ამ წოდებას უკვე 9 წელია ატარებს.
„მე ახლა გავიგე, რომ რაღაც შეღავათები ყოფილა. უკვე 9 წელია, რაც საპატო კონსული ვარ. რატომ დამნიშნეს მაინცდამაინც მე? ეს ფინეთის მთავრობას ჰკითხეთ, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, არ ვარ ვალდებული ანგარიში ჩაგაბაროთ. ვეხმარები ფინეთის მქალაქეებს სხვადასხვა საქმეებში. მაგალითად, ერთხელ, საქართველოში ფინეთის მოქალაქე გარდაიცვალა და ყველა დოკუმენტაცია შევკრიბე, რომ ფინეთში მამასთან გადამესვენებინა. გარდა ამისა, ავარიის შედეგად ფინეთის სამი მოქალაქე დაზარალდა, მაშინაც დოკუმენტაცია გავამზადე და ფინეთში გავაგზავნე. ასევე ვეხმარები ფინეთის ელჩსაც, იგი ერთდროულად საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის კონსულია და როდესაც საქართველოში ჩამოდის თარჯიმნის მოვალეობასაც ვითავსებ“, – აღნიშნა ფინეთის საპატიო კონსულმა ალექსანდრე რონდელმა.
„კვირა“ სლოვაკეთის საკონსულოს საპატიო კონსულს დაუკავშირდა, რომლის სატელეფონო კოორდინატები საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. აღმოჩნდა, რომ ეს ტელეფონი სააფთიაქო ქსელ შპს „საბას“ კუთვნილებაა. სწორედ „საბას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბესარიონ ქვარცხავა აღმოჩნდა სლოვაკეთის საპატიო კონსული. იგი უკვე ექვსი წელიწადია კონსულის პრივილეგიით სარგებლობს, ფარმაცევტულ კომპანიის ბიზნესი კი მას 10 წელია აქვს.
„ამ ხნის განმავლობაში მე იმ შეღავათებით ვსარგებლობდი, რითაც სარგებლობდნენ საპატო კონსულები ანუ დიპლომატის იმუნიტეტით. დღგ-ს გადასახადიდან გათავისუფლებული ვიყავი, წითელი ცირკულაცია გვქონდა, აეროპოპრტში ავტომობილებზე რეგულაცია არ იყო.
სხვათაშორის, ოქროს მედლით დამაჯილდოვა სლოვაკეთის პრეზიდენტმა, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, საქართველოდან სლოვაკეთის 82 მოქალაქე უვნებელი გავიყვანე. გარდა ამისა, ომის დროს სლოვაკეთის სახლმწიფოდან 5 მილიონი კრონის ფარგლებში, საქართველოში ჰუმანიტარული ტვირთი შემოვიტანე – ლეიბები, საბნები და სხვადასხვა სახის პირადი მოხმარების ნივთები.
სლოვაკეთის ყოფილ და ამჟამინდელ პრეზიდენტს კარგად ვიცნობ, სწორედ ყოფილმა პრეზიდენტმა დამნიშნა თავისი ქვეყნის საპატიო კონსულად“, – განუცხადა „კვირას“ ბიზნესმენმა ბესარიონ ქვარცხავამ.
კიდევ ერთი ბიზნესმენი ჯოზეფ ქეი, რომლის სახელი რამდენიმე სკანდალურ საქმეს უკავშირდება, ლიბერიის რესპუბლიკის საპატიო კონსულია საქართველოში. თუმცა, საკონსულოში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.10635804_800510259971469_5503572707546828500_n
„კვირამ“ სლოვენიის რესპუბლიკის საპატიო კონსულთან გასაუბრება სცადა. სატელეფონო კოორდინატებით ისევ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდით ვისარგებლეთ. აღმოჩნდა, რომ ეს სატელეფონო კოორდინატები სააფთიაქო ქსელ „პსპ“-ს ეკუთვნის. საპატიო კონსული გოჩა გოგილაშვილი, რომელიც ამავდროულად „პსპ“-ს გენერალური დირექტორი და ბიზნესმენია, სამსახურში არ აღმოჩნდა.
„თქვენ ალბათ ვიზა გნებავთ? ბატონი გოჩა სამსახურში არ იმყოფება. ამჟამად, ვიზების საკითხზე პოლონეთის საელჩოს უნდა მიმართოთ. რაც შეეხება თანხებს, ამაზე პირადად ბატონ გოჩას უნდა გაესაბროთ“, – აღნიშნა „პსპ“-ს მორიგე ოპერატორმა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა.
კიდევ რამდენიმე ბიზნესმენი და საპატიო კონსული „კვირამ“ ლატვიის რესპუბლიკის საკონსულოში აღმოაჩინა. გაირკვა, რომ რატომღაც ლატვიის რესპუბლიკას საქართველოში სამი საპატიო კონსული ჰყავს: კახეთში, თბილისსა და აჭარაში.
ლატვიის რესპუბლიკის საპატიო კონსული კახეთში კომპანია „შატო მუხრანის“ და „ჯი-ვი-ეს“-ის გენერალური დირექტორი მიხეილ ხუნდაძეა, ხოლო აჭარის წარმომადგენელი ბექა ოდიშარიაა. ეს უკანასკნელი ინდური ნავთობ-კომპანია “ჯინდალ პეტროლიუმის” გენერალური დირექტორია.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგულაციებს როგორ უნდა შევხედო დადებითად? თანდათან უარესდება მდგომარეობა. რას ვაკეთებთ ჩვენ, რა საორგანიზაციო საკითხებით ვართ დაკავებულები, რა როლს ვასრულებს საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ურთიერთობაში, ჰკითხეთ ლატვიის ელჩს. დაწყებული ბიზნესმენთა ფორუმების მასპინძლობა, როდესაც ჩამოდიან მაღალი რანგის სტუმრები – ლატვიის პარლამენტის თავმჯდომრე, ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ესენი ყველა ჩვენი სტუმრები არიან.16068_800510849971410_8388119764898064101_n
ლატვიელი ბიზნესმენები, ჩემი პირადი მანქანით დამყავდა, ხან ერთ წარმოებაში, ხან მეორე წარმოებაში, რომ იქნებ რამენაირად ეს ხალხი ჩავრთოთ საქართველოში ბიზნესში.
სტატუსი ჩემთვის საპატიოა და რაც მთავარია, ეს სტატუსი მრჩება. ამ რეგულიციებს სამეწარმეო საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.
რაც შეეხება, ლატვიის რესპუბლიკის საპატიო კონსულს კახეთში, მიხეილ ხუნდაძეს, მან აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი რეგულაციების შემოღებასთან, მას არანაირი პრეტენზია არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ეკონიმიკის საკითხებში ექსპერტები აცხადებენ, რომ საპატიო კონსულის წოდებას ბიზნესმენები საკუთარი კომფორტისთვის იყენებენ და იმ სახელმწიფოსგან ოფიციალურად ყიდულობენ, რომლებსაც ისინი საქართველოში წარმოადგენენ.
ექსპერტ ლევან კალანდაძეს მიაჩნია, რომ საპატიო კონსულები, რომლებიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ, რეალურად დიპლომატიური მისიის შემსრულებლები არ არიან და მათ საქართველოში შეღავათები არ უნდა ჰქონდეთ. როგორც „კვირას“ ლევან კალანდაძემ განუცხადა, ბიზნესმენები, საპატიო კონსულის სტატუსის მოსაპოვებლად, 30-40 ათასს აშშ დოლარს სხვადასხვა ქვეყანას უხდიან.
„საპატიო კონსულის ტიტული არის ძალიან ფორმალური ხასიათის და არანაირი რეალური ფუნქცია დიპლომატიური მისიის ან დიპლომატიური ხასიათის ღონისძიებების არ არსებობს. ეს ადამიანები ძირითადად არიან ბიზნესმენები, რომლებსაც ეს ტიტული ფინანსური საზღაურის ხარჯზე აქვთ შეძენილი.10509584_800511496638012_5448530055018623227_n
ძალიან ბევრი ქვეყანაა მსოფლიოში, ეს არის მესამე ხარისხოვანი და მეოთხე ხარისხოვანი ქვეყნები, რომლებიც ამ ტიტულ გარკვეული ფინანსური საზღაურის სანაცვლოდ ჰყიდის. შესაბამისად, ბიზნესმენებს რომლებსაც ეს ტიტული აქვთ შეძენილი, მოპოვებული აქვთ საკუთარ ქვეყანაში გარკვეული უპირატესობები – დიპლომატიური ხელშეუხებლობის, დიპლომატიური პასპორტის გამოყენების, საბაჟო პროცედურების გამარტივების, დიპლომატიური ნორმების სარგებლობის უფლების სახით. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ბიზნესმენი, რომელსაც სურს გარკვეული კომფორტული გარემო შეიქმნას დიპლომატიური სტატუსის მიღებით, ამ სტატუსს ყიდულობს. ამიტომ, რეალურად საუბარი იმაზე, რომ საპატიო კონსულები ორიენტირებული არიან ინვესტიციების მოზიდვაზე, ეს არის ზღაპარი. ისინი მხოლოდ, საკუთარი პირადი ბიზნესკორპორატიული ინტერსების სარეალიზაციოდ იყენებენ ამ ტიტულს. მე სწორად მიმაჩნია, რომ საპატიო კონსულებს რაიმე შეღავათები და დიპლომატიური იმუნიტეტი საქართველოში არ უნდა ჰქონდეთ“, – განუცხადა „კვირას“ ექსპერტმა ლევან კალანდაძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში სულ 25 საპატიო კონსულია.

და ბოლოს, რას არეგულირებს ახალი რეგულაციების დოკუმენტი საპატიო კონსულებთან დაკავშირებით?
„საპატიო კონსულების საქმიანობას განსაზღვრავს 1963 წლის ვენის კონვენცია საკონსულო ურთიერთობების შესახებ მესამე თავი, სწორედ აქ არის გაწერილი მათი სტატუსი და პრივილეგიები.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საპატიო კონსულები არ წარმოადგენენ კარიერულ დიპლომატებს და კონსულებს, რაზეც ხაზგასმით მიუთითებს ვენის კონვენცია (თავი პირველი, დეფინიციები, პარაგრაფი მეორე), სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ საპატიო კონსულები არ წარმოადგენენ კარიერულ კონსულებს ვენის კონვენცია არ ითვალისწინებს იმ პრივილეგიებს, რაც იმავე კონვენციით მინიჭებული აქვს კარიერულ კონსულსა და დიპლომატს“, – განუცხადეს „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

იზა შაქარაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები