ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სატრანსპორტო შეზღუდვები მოქმედებს.
27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო „მგზავრებამდე“. ამასთან, 5 მარტის ჩათვლით, იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ კუთხის ნიკორამდე.
5 მარტის ჩათვლით, 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტი.
„5 მარტის ჩათვლით, 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც იმოძრავებს სპეციალურად ჩემპიონატისთვის დანიშნული მარშრუტებით. მათ შორის, სრულად შეზღუდულ მონაკვეთებზე – კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროებამდე.
16:00 საათიდან 10:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია შეუზღუდავად. შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გახანგრძლივდა კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროების მუშაობის დრო – 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. საბაგიროებთან არსებულ ავტოსადგომებზე, 10:00 საათიდან – 16:00 საათამდე, დგომა დაშვებულია მხოლოდ ჩემპიონატის ავტომობილებისთვის.
ჩემპიონატის მიმდინარეობისას, მოწყობილია უფასო და ფასიანი ავტოსადგომები ვიზიტორებისთვის, შემდეგ არეალებში: სასტუმრო „მგზავრების“ მოპირდაპირე მხარეს (შესვლა 9 აპრილის ქუჩიდან); 25-იანების გვერდით და მოპირდაპირე მხარეს; მუნიციპალური ავტოსადგომი ყოფილი სკოლის ტერიტორიაზე.
15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ორივე მონაკვეთზე: რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე; დიდველის სადგომიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე. გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს არასწორი პარკირების აღკვეთა მოხდება 24 საათის განმავლობაში. არასწორი პარკირების აღკვეთა ასევე ხდება: სასტუმრო „მგზავრებიდან“ ე.წ. კუთხის ნიკორამდე; ე.წ. კუთხის ნიკორადან ანდეზიტის მიმართულებით; პირველ გზაჯვარედინამდე; დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩაზე. ყველა ზემოხსენებულ მონაკვეთზე, აკრძალულია საჭაპანო და სასაპალნე ტრანსპორტის, დასაჯდომი ცხოველებისა და მოტო-ტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.