ბექა ძამაშვილი: ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აკაკი ოჩიგავას მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას და ეს პრაქტიკა 2012-წლამდე იყო სისტემური ხასიათის
იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2011-2012 წლებში ადგილი ჰქონდა აკაკი ოჩიგავას მიმართ წამების ფაქტს პენიტენციურ სისტემაში და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს იყო ნაწილი იმ პრაქტიკისა, რაც 2012 წლამდე იყო სისტემური ხასიათის და მთლიანად სისტემისთვის დამახასიათებელი წამების ფაქტები. ეს ყველაფერი მომჩივანმა თავის თავზე გამოსცადა და ამ სისტემური ცემის შედეგად მან სიარულის უნარი დაკარგა. გადაწყვეტილებაში ასევე ნახსენებია, რომ როდესაც მას ეს დაემართა, აიძულებდნენ, ეთქვათ, თითქოს, დაზიანება წაქცევის შედეგად მიიღო, რაზეც უარი განაცხადა და ამის შემდეგ კიდევ სცემეს ბეისბოლის ჯოხით და თითები დაუმტვრიეს. ეს არის პირდაპირ მოხსენიებული ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მომჩივანი იხსენებს, რომ ერთ-ერთი ცემისას, როდესაც გონება დაეკარგა, გონზე მოსვლის შემდეგ მილზე მიბმული იყო ე.წ. ციხის მორგში. ყველაფერი ეს ევროპულმა სასამართლომ შეაფასა როგორც წამება“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.