„თავდაცვის კოდექსის” პროექტზე დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით იმსჯელეს

„თავდაცვის კოდექსის” პროექტი დღეს განხილვის მთავარი თემა იყო სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით გაიმართა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეფასებით კოდექსი, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ქვეყნის თავდაცვის სამართლებრივი საფუძვლების ორგანიზების კუთხით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივაა. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ძირითადი მიმართულებები დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ გააცნო. დოკუმენტი 9 კანონსა და 5 კანონქვემდებარე აქტს მოიცავს და სრულად პასუხობს საქართველოს ტოტალური თავდაცვის პრინციპებს. „თავდაცვის კოდექსის” პროექტზე დეპუტატებმა დისკუსია გამართეს და საკუთარი მოსაზრებებიც წარმოადგინეს. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, კოდექსის საფუძველზე თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება და ორიენტირებული იქნება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე.

„კოდექსის პროექტის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება წვევამდელთა სამხედრო სამსახურს დაეთმო, სადაც შემოთავაზებულია სამსახურის გავლის სამი ვარიანტი, რომელიც ეფუძნება 6, 8 და 11 თვიან სამსახურს და საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში”, – აღნიშნა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გავლის წესი, კომიტეტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმაც მოიწონა და მის მხარდაჭერაზე თანხმობა განაცხადა.

„მართალია მე ოპოზიციურ პარტიას წარმოვადგენ, მაგრამ როგორც მოქალაქე, მე ამ რეფორმას მხარს დავუჭერ, ვინაიდან მიმაჩნია, რომ იმ რეგიონალური საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ქვეყანას აქვს, ჩვენთვის ეფექტური არ არის მხოლოდ პროფესიული საკონტრაქტო ჯარი და ვთვლი, რომ ყველა ახალგაზრდამ, ვისაც ამის შესაძლებლობა და უნარი აქვს, აუცილებლად უნდა გაიაროს საბრძოლო მომზადება”, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით დოკუმენტს გაეცნობიან თავდაცვის და სამხედრო ექსპერტები და შემდგომ უკვე შედგება საკომიტეტო მოსმენები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები