საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თბილისში, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს ფონიჭალის დასახლებაშიც. სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე.
როგორც თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებულებს შორის არიან ნარკორეალიზატორებიც.
“დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, რომლებთანაც წინასწარ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რაც ასახულია აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით და გამოყენებული იქნება მტკიცებულების სახით. ღონისძიება გრძელდება დღის განმავლობაში, როგორც მოგახსენეთ, სხვადასხვა ქალაქებში და დაკავებულების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება” – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.