ხობში მოკლული ხათუნა ლაზარიას ცხედარი პროზექტურიდან სახლში უკვე გადაასვენეს. მოკლული ქალის ახლობლის ვარაუდით, თავდამსხმელმა იცოდა, რომ მსხვერპლს მანქანაში თანხა ჰქონდა, სწორედ ამიტომ, გზაზე დახვდა, მის ავტომობილში ჩაჯდა, შემდეგ კი მოკლა.
“თავისი მანქანით მოდიოდა და გზაში ის ქალი დახვდა, არ ვიცით არაფერი… ჩაუჯდა და მერე მოკლა, ჩააგდო ორმოში, ამის ჩანთა გაიტაცა და ისე დაიჭირეს. ავადმყოფიც იყო, არ იყო მთლად ჯანმრთელი. ეტყობა, წინააღმდეგობა ვერ გაუწია. დაზიანებები ქვით ჰქონდა უკან, საფეთქელზე, საშინელებაა…
თანხა მოჰქონდა ამას, 25 ათასი, ეტყობა, ვიღაცამ უთხრა იმ ქალს. ამბობს, ჩემი ვალი ჰქონდაო, არა, საერთოდ, ცნობითაც არ იცნობდა, სამართალმა უნდა დასაჯოს”, – ამბობს მადონა ჯიჭონია.
ცნობისთვის, ხობის მუნიციპალიტეტში სოფელ ხამისკურთან ქალის ცხედარი გუშინ იპოვეს. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.