ყელგამოჭრილი ქალის დედა – ბრალდებულ ყოფილ სიძეზე: თუ შეურაცხადი იყო, რატომ გაახსენდა, რომ მოეხსნა მიცვალებულისთვის ზურგჩანთა
საქალაქო სასამართლოში უკვე დასრულდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის სასტიკი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა.
დასკვნითი სიტყვა თქვეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. საბოლოო სიტყვით ბრალდებული კი უკვე 17 თებერვალს ისარგებლებს, რის შემდეგაც მოსამართლე საქმეზე განაჩენს გამოიტანს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული შეურაცხადი იყო. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორმა მოსამართლეს მიმართა, რომ ბრალდებულს დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე უვადოდ თავისუფლების აღკვეთა უნდა მიესაჯოს.
იმავეს მოითხოვს გარდაცვლილის დედაც.
„მოვითხოვ, რომ მას აუცილებლად მიეზღოს ის, რაც საჭიროა. როდესაც ჩემი შვილი მოკლა, ჩემს შვილს ედო ბავშვის ინსულინი ჩანთაში. რატომ გაახსენდა, თუ შერაცხადი იყო [ბრალდებულს], რომ მოეხსნა მიცვალებულისთვის ზურგჩანთა, გაეჩერებინა ვიღაც უცნობი, სწორად ეთქვა მისთვის მისამართი, სადაც ინსულინი უნდა მიეტანათ. ხუთი ბავშვის წინ მოხდა ეს ყველაფერი. ბავშვები დღემდე ფსიქოლოგებთან დაგვყავს“, – აცხადებს ხათუნა ნაჭყებია.
შეგახსენებთ, 2022 წლის 21 მაისს 31 წლის ქალს ქმარმა ავტობუსში, მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ყელი გამოჭრა. სოფო კვარაცხელია მიღებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა.