პროკურორის თქმით, ბადრი ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და ე.წ. აფხაზური პასპორტი ჰქონდა

ბადრი ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და ე.წ. აფხაზური პასპორტი ჰქონდა, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, დიმიტრი ხვიტიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელზეც ბადრი ესებუასთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობენ.

პროკურორს მიაჩნია, რომ აღნიშნული ბრალდებულის მიმალვის საფრთხეს ადასტურებს.

როგორც სხდომაზე დიმიტრი ხვიტიამ აღნიშნა, მოცემულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე, ფაქტობრივი საფუძვლები არსებობს, რადგან ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
პროკურორის თქმით, დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე – პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული.

მისივე განცხადებით, ესებუა ძებნილი იყო და ემალებოდა სამართალდამცავ ორგანოებს, ის ბრალის აღიარებით არ გამოცხადებულა და მისი დაკავება სპეციალური ღონისძიების შედეგად მოხდა.

შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ორჯერ გამოყენება, მიზანშეწონილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები