რევაზ სოხაძე: წარმოდგენილი გადაწყვეტილებებით, დედაქალაქს ისტორიული შენობები შეუნარჩუნდება

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განხილულ საკითხებს გამოეხმაურა და „ლაგუნა ვერეს“ პროექტისა და აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობის თაობაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

რევაზ სოხაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისი მერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ, მთლიანად შენარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა.

,,მთავრობის სხდომიდან მინდა ორ საკითხს შევეხო. პირველი- ეს არის ისტორიული საცურაო აუზი, რომლის ტერიტორია დედაქალაქის მუნიციპალიტეტს უბრუნდება. წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ობიექტის აღდგენა მოხდება არა მხოლოდ სპორტულ-გამაჯანსაღებელი, არამედ არქიტექტურული კუთხითაც,’’- განაცხადა რევაზ სოხაძემ და ამასთანავე აღნიშნა, რომ ასევე შენარჩუნდება ტერიტორიაზე განთავსებული აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა.

მისივე თქმით, აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა, რომელიც მართალია, არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იყო ერთ-ერთი პირველი ფაბრიკა ამიერკავკასიაში და შესაბამისად, მას აქვს ისტორიული მნიშვნელობა.

,,მუნიციპალიტეტი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით დაიწყებს პროექტის განხილვას. დაგეგმარებისას არსებული გარემოების გათვალისწინებით, ეს შენობა არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ მოხდება მისი შერწყმა თანამედროვე არქიტექტურასთან. აღნიშნული ტერიტორიის განვითარების კონცეფციაზე ჩვენც ვმსჯელობთ. შესაბამისად, გვექნება ჩვენი წინადადებები და მოსაზრებები, რასაც დამკვეთს და პროექტის ავტორს გავაცნობთ. ვფიქრობთ, საბოლოო ჯამში ქალაქისთვის მისაღებ პროექტს მივიღებთ’’- აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები