როგორ ზეიმობდნენ ახალ წელს საბჭოთა ლიდერები

საბჭოთა კავშირში ახალი წელი ყოველთვის დელიკატესების დღესასწაული იყო. ჩვენი დედები და მამები, ბებია-ბაბუები სუფრაზე უიშვიათესი „გემრიელობების“ მიტანას ცდილობდნენ, რომელთა მომზადებასაც ჩვეულებრივ დღეებში და სხვა დღესასწაულებზე ვერ ახერხებდნენ. ოჯახებში წარმოდგენილი იყო ტრადიციული კერძები: საცივი, გოზინაყი, ოლივიეს სალათი და ა.შ. მაგრამ იცით, როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს სსრკ-ს გენერალური მდივნები?

ვლადიმერ ლენინი

ლენინი არდადეგებზე მუშაობას ამჯობინებდა. ახალი წლის საზეიმო აღნიშვნა მან თავისი ცხოვრების უკანასკნელ წლებში დაიწყო. ლენინის აგარაკზე დიდ ნაძვის ხეს დგამდნენ, რთავდნენ ყველაზე ჩვეულებრივი სათამაშოებით, ხოლო სტუმრად გლეხების შვილებს იწვევდნენ ახლომდებარე სოფლებიდან.  ყველასათვის მზადდებოდა პატარა ტკბილი საჩუქრები, რამდენიმე კანფეტი და ქაღალდში გახვეული შაქრის ნაჭერი. თუმცა, შეიძლება, ყველაფერი ის, რაც ჩვენ მსოფლიო რევოლუციის ბელადის შესახებ ვიცით, სრულად პროპაგანდისტული საბჭოთა მითი იყოს. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ეს მრავალრიცხოვანი ისტორიები ლენინის, მისი ნაძვის ხის და ბავშვების შესახებ, ზღაპრებია.

იოსებ სტალინი

სტალინს ის დღესასწაულები, რომლებიც კომუნისტურ იდეოლოგიასთან კავშირში არ იყო, არ უყვარდა. ერთ დროს ქვეყანაში ნაძვის ხის მორთვა, რომელიც შობის სიმბოლურია, არ იყო მისასალმებელი. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, საბჭოთა ხალხს ახალი წლის აღნიშვნას ვერავინ დაუშლიდა, თავად სტალინიც კი, რომელსაც მოუწია ამასთან შეგუება და დღესასწაულის აღნიშვნა.
სტალინის დროს კრემლში პირველი ნაძვის ხე 30-იან წლებში დაიდგა, ხოლო სადღესასწაულო მიღება ძალიან პომპეზური იყო და ყოველთვის წლის შეჯამებით იწყებოდა. გამოსვლების და განხილვების შემდეგ პარტიული ლიდერები და მათი სტუმრები დარბაზში გადიოდნენ, სადაც ძალიან დიდი სუფრა იყო გაშლილი. იოსებს წარმოდგენები უყვარდა, ამიტომ მან საფუძველი დაუდო მსახიობების გამოსვლას პირდაპირ მაგიდებთან და არა სცენაზე.

საახალწლო ღონისძიებები კრემლში დეკემბრის ბოლო რიცხვებში ტარდებოდა. თავად საახალწლო ღამის გატარებას ბელადი სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში ამჯობინებდა. სტალინის ოჯახშიც ნაძვის ხე ყოველთვის იყო. 1931 წლამდე ნაძვის ხეს ბელადის მეუღლე რთავდა ხოლმე, ხოლო შემდეგ – ალექსანდრა ბიჩენკოვა – ბავშვების ძიძა. ხის კენწერო ყოველთვის იყო მორთული ვარსკვლავით, რომელიც კრემლის ვარსკვლავის იდენტური გახლდათ. ახალ წელს სტალინის ოჯახში ცოტა სტუმარი მიდიოდა. ყველა იღებდა საჩუქარს, რომელიც, ცხადია, საბჭოთა კავშირის მიერ იყო ნაწარმოები. სუფრაზე ყოველთვის ჰქონდათ ალკოჰოლი – ქართული ღვინო, კონიაკი და არაყი, მაგრამ ბელადი მხოლოდ წყალს სვამდა, რომელსაც მას ცალკე ბროლის ჭურჭელში უსხამდნენ.

ნიკიტა ხრუშჩოვი

თავისი მმართველობის პირველ წელს ნიკიტა ხრუშჩოვი ყველა დღესასწაულის აღნიშვნას, მათ შორის, ახალი წლისაც, ოჯახურ წრეში ამჯობინებდა. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ კრემლის ნაძვის ხის ტრადიცია, რომელიც სტალინის მიერ იყო დაარსებული, დაბრუნდა და პომპეზური სუფრები კვლავ გაიშალა. კრემლში არა მხოლოდ პარტიულ ელიტას იწვევდნენ, არამედ ცნობილ მსახიობებს, მუსიკოსებს, მეცნიერებს, მწერლებს და წარმოების ლიდერებს. სუფრაზე ყოველთვის ძალიან ბევრი საჭმელი იყო და სტუმრებიც შეუზღუდავად მიირთმევდნენ. თავად ხრუშჩოვი გამოირჩეოდა საკვებისა და ალკოჰოლის მიმართ თავშეკავებით. სუფრაზე ისე ჩანდა, თითქოს ის ალკოჰოლს სხვების მსგავსად ეტანებოდა, მაგრამ მისთვის ყოველთვის განსხვავებულ, სქელშუშიან და მაღალფსკერიან ჭიქას დგამდნენ, რომელშიც ძალიან ცოტა სასმელი ჩადიოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები