ე.წ. ფულის გათეთრების საქმის პროკურორი: ვითხოვთ კვალიფიკაციის შეცვლას, რომ ბრალდებულების მსჯავრდება მოხდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით

ვითხოვთ კვალიფიკაციის შეცვლას იმ მხრივ, რომ ბრალდებულების მსჯავრდება მოხდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით, – ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„შეგიძლიათ, ნახოთ სხდომის ოქმები, ჩვენი საჯარო განცხადებები, რომ ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ აღნიშნული ქმედებით, კერძოდ, თაღლითობით ზიანი მიადგა “თიბისი ბანკს” და შესაბამისად, დაზარალებული არის “თიბისი ბანკი”. უბრალოდ, ეს არის ფორმალური საკითხი, ვინაიდან, თაღლითობის მუხლი იყო ხანდაზმული, არ მომხდარა დადგენილების გამოტანა დაზარალებულად ცნობის თაობაზე. ჩვენ ოფიციალური დოკუმენტიც გვაქვს წარმოდგენილი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის თაობაზე, სადაც ნამსჯელია, რომ თაღლითობა მომხდარია. აქ, საუბარია, ვის მიადგა ზიანი. შესაბამისად, ოფიციალური დოკუმენტიც საქმეში წარმოდგენილია. ამდენად, არასწორია დაცვის მხარის განმარტება, რომ თითქოს დოკუმენტები საქმეში არ არის. თავად, დაცვის მხარემაც გააჟღერა თავის დასკვნით სიტყვაში, რომ “თიბისი ბანკს” შეტანილი აქვს სარჩელი “მარტელო გრუპის” მიმართ და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას. საუბარია თანხებზე, რომელიც სესხის სახით იყო ფორმალურად გაცემული. რაც შეეხება განაჩენს, ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს განაჩენი, რომლითაც სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლი შეცვალა თაღლითობით. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები არასწორი შეფასება მისცა კვალიფიკაციის ნაწილში. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ კვალიფიკაციის შეცვლას იმ მხრივ, რომ ბრალდებულების მსჯავრდება მოხდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით”, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები