“საახალწლო სოფელი” ორბელიანის მოედანზე გაიხსნება, გალაკონცერტი კი ევროპის მოედანზე გაიმართება
“საახალწლო სოფელი” 23 დეკემბერს გაიხსნება და ორბელიანის მოედანს, 9 აპრილის ბაღს და ათონელის ქუჩას მოიცავს. რაც შეეხება საახალწლო გალაკონცერტს, ის 31 დეკემბერს ევროპის მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„ორბელიანის მოედანი, 9 აპრილის ბაღი და ათონელის ქუჩა მოირთვება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციით და ინსტალაციებით. რაც მთავარია, თქვენს პატარებს აქ დახვდებათ თოვლის ბაბუა, რომელიც გზაშია და 23 დეკემბერს თბილისში იქნება. მინდა მივმართო მშობლებს, რომ თქვენი შვილები, შვილიშვილები წამოიყვანოთ 9 აპრილის ბაღში, სადაც განთავსებული იქნება თოვლის ბაბუის სახლი. ის სიხარულით მოისმენს ბავშვების ყველაზე სანუკვარ ოცნებებს, რაც აუცილებლად ასრულდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, საახალწლო სოფელში ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო – გასართობი წარმოდგენები, კონცერტები, ზღაპრის გმირების სადღესასწაულო მსვლელობები და სხვა აქტივობები
. „31 დეკემბერს კი გელოდებით ევროპის მოედანზე, გალაკონცერტზე. ერთად შევხვდეთ 2023 წელს, ბედნიერი და უკეთესი მომავლის მოლოდინით. ყველამ ერთად ვინატროთ მშვიდობა მთელ მსოფლიოში, კეთილდღეობა ყველა ოჯახში, ჩვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა, განათლებული და წარმატებული მომავალი თაობა, ქვეყნის წინსვლა და განვითარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.