შუშა-ლაჩინის გზაზე აზერბაიჯანელი აქტივისტების აქცია, უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს

შუშა-ლაჩინის გზაზე ეკოაქტივისტების და აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აქცია უკვე მეორე დღეა გრძელდება.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ადგილზე აქტივისტების რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

აქცია რუსი სამხედროების ბლოკსაგუშაგოსთან მიმდინარეობს.

შეკრებილებმა ხანკენდისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს და სკანდირებენ – “ყარაბაღი აზერბაიჯანია!”

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელ სპეციალისტებს უარი უთხრეს, აზერბაიჯანული საბადოების უკანონო ექსპლუატაციის მონიტორინგი განახორციელონ. ისინი ადგილზე რუსული სამშვიდობო ძალების მეთაურის, ანდრეი ვოლკოვის ჩასვლას ითხოვენ.

აქტივისტებმა ადგილზე გუშინ კარვები გაშალეს.

საქმე ეხება კიზილბულაგის ოქროსა და დემირლის სპილენძ-მოლიბდენის საბადოებს. ბაქოში აცხადებენ, რომ „აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების საბადოებს ძარცვავენ“.

სომხური მედია წერს, რომ „აზერბაიჯანელებს ბლოკირებული აქვთ სომხეთისა და არწახის დამაკავშირებელი გზატკეცილი“, რომ “ჩახერგილ გზაზე იმყოფება ასობით ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც გადაადგილებას ვერ ახერხებენ. ასევე ვერ ხერხდება მედიკამენტების ტრანსპორტირება, რაც ჰუმანიტარულ სიტუაციას ამწვავებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები