ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის – „არა ფემიციდს” ფარგლებში, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე შენგელიამ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ნათია ბარბაქაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს.

პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრაქტიკულ ასპექტები, ქალთა მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება, საპროცესო ხელმძღვანელობასთან და სასამართლოში საქმის არსებით განხილვასთან დაკავშირებული თემები. ასევე, საუბარი შეეხო მტკიცებულებათა სტანდარტებს, მსხვერპლთა დაცვის სამართლებრივ ღონისძიებებს და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ფუნქციებს სამართალწარმოების პროცესში.

შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა: სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამოძიებისა და სასამართლოში განხილვის სპეციფიკაზე, გამოთქვეს მოსაზრებები გენდერულ სტერეოტიპებზე და ისაუბრეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე. სტუდენტებს, ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების ჩართულობას. სწორედ ამიტომ, ფემიციდის კამპანიის ფარგლებში სპეციალიზებულმა პროკურორებმა შეხვედრები თბილისის გარდა, რეგიონებშიც გამართეს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან.
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო საქართველოში და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები