რუსთავის  ხელოვნების გალერეაში, მოქანდაკეთა 5 თაობის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

„რუსთავის მერიის ორგანიზებით, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეაში, რუსთაველ მოქანდაკეთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა,”- ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ექსპოზიციაზე სახელწოდებით – „თაობათა ექო” 15 მოქანდაკის ნამუშევარია წარმოდგენილი და რუსთაველ სკულპტორთა ხუთი თაობის შემოქმედებას აერთიანებს. გამოფენა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოქანდაკეებთან ერთად გახსნა.

ნინო ლაცაბიძის თქმით, რუსთაველებს ამ უნიკალური ნამუშევრებით დატკბობის შესაძლებლობა ერთი თვის განმავლობაში ექნებათ.

,,ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის რუსთავის ხელოვნების გალერეა, უკვე მეოთხე ექსპოზიციას მასპინძლობს. დღეს რუსთაველი მოქანდაკეების ნამუშევრების მასშტაბური გამოფენა გავხსენით, რომელიც ხუთ თაობას აერთიანებს და  ექსპოზიციას სახელწოდება – ,,თაობათა ექო”, სწორედ, აქედან გამომდინარე დაერქვა. მნიშვნელოვანია, რომ უხუცესი მოქანდაკე 94 წლისაა და გამოფენაში ახალგაზრდებიც იღებენ მონაწილეობას. გამოფენა, როგორც აღვნიშნე, დღეს გაიხსნა და რუსთაველებს ამ უნიკალური ნამუშევრებით დატკბობის შესაძლებლობა ერთი თვის განმავლობაში ექნებათ”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

გალერეა დამთვალიერებელს ერთი თვის განმავლობაში უმასპინძლებს, გაიმართება შეხვედრები სკულპტორებთან და ხელოვნების მოყვარულებს, ქანდაკების შექმნის პროცესის გაცნობის შესაძლებლობაც ექნებათ. ამასთანავე  გაიგებენ თუ რა იყო მუშაობის პროცესში მოქანდაკის ძირითადი ინსპირაცია და რა გზას გადის ხელოვანი მასალის არჩევიდან ქანდაკების შექმნამდე. მოქანდაკეთა ჯგუფური გამოფენა, უკვე მეოთხე ექსპოზიციაა, რომელსაც რუსთავის ახალი გალერეა მასპინძლობს.  27 იანვრიდან 27 თებერვლის ჩათვლით, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა, მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობდა, რომელმაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ერთი თვის განმავლობაში, გამოფენას 1000 -მდე დამთვალიერებელი ჰყავდა.

ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა, 2024 წლის 23 ოქტომბერს, მისივე ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა. რუსთავში სამხატვრო გალერეის გახსნას, ხელოვანები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ითხოვდნენ. მათი სურვილი გასულ წელს შესრულდა და დღეს ქალაქს თანამედროვე საგამოფენო სივრცე აქვს, სადაც ნებისმიერ ხელოვანს აქვს შესაძლებლობა, საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება წარუდგინოს. ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა, მოსწავლე ახალგაზრდობის ახალ შენობაშია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები