1989 წელს აფხაზეთში დაიბადა, ომის შემდეგ ყაზახეთში ცხოვრობდა, სამხატვრო კოლეჯი და სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი საქართველოში დაამთავრა.
ჰქონდა რამდენიმე მოდის ჩვენება და ჯგუფური გამოფენები.
ამბობს, რომ ძალიან უყვარს ეს სფერო, მუშაობს ქალის სამოსზე და ცდილობს, არ ჩამორჩეს მოდის სიახლეებს.
ხატავს პეიზაჟებს, ნატურმორტებს, პორტრეტებს… განსაკუთრებით უყვარს პორტრეტების ხატვა.
ამ ბოლო დროს ორი ნახატით – „უცხოელი მხატვრები საქართველოში“ მიიპყრო ყურადღება.
„ბევრი გახარებული და თვალაცრემლებული ადამიანი (როდესაც საჩუქრად გადასცემენ ჩემს პორტრეტებს), რეაქციას მიგზავნის ვიდეოს სახით“. – მხატვრისა და დიზაინერის, მაია კუჭავას პერსონა.
– აფხაზეთის ომის დროს ოთხი წლის ვიყავი და ბუნდოვნად მახსოვს, მშობლების გადმოცემით ვიცი, რომ რთული პერიოდი – შიმშილი, წყურვილი და სიცივე გადავიტანეთ, სვანეთიდან გადმოვედით, ღმერთის წყალობით გადავრჩით. ჩვენი მანქანით რომ ვეღარ ვაგრძელებდით მოძრაობას, ის იქ დავტოვეთ, ამ „კამაზში“ ჩაასხა მამიკომ საწვავი და ასე წამოვედით.
ხატვა ლაპარაკზე და სიარულზე ადრე დავიწყე, ჯერ დედა მიყვებოდა, მამიკოს პასპორტზე კალმით რაღაცას ჯღაბნიდი და შენახული აქვს სამახსოვროდ, მერე კედლებზე გადახვედიო…
– ომის შემდეგ ყაზახეთში ცხოვრობდით… შემდეგ სოხუმის შერვაშიძის სახელობის სამხატვრო კოლეჯში მოდის დიზაინერის ფაკულტეტზე სწავლობდით. პარალელურად, გობელენისა და ფარდაგის ქსოვას ვსწავლობდი. მონაწილეობით გამოფენებშიც…
– ომის შემდეგ ყაზახეთში ვცხოვრობდით. საქართველოში რომ ჩამოვედი, აქ დავდიოდი სკოლაში, სკოლის შემდეგ – სოხუმის შერვაშიძის სახელობის კოლეჯში, მოდის დიზაინერის ფაკულტეტზე. პარალელურად გობელენისა და ფარდაგის ქსოვას ვსწავლობდი კოლეჯში „მერმისი”. შემდეგ სწავლა თბილისი სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინერის მიმართულებით გავაგრძელე.
– სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი დაამთავრეთ…
– ბავშვობიდანვე სულ რაღაცას ვქმნიდი – ვქსოვდი, ვხატავდი, ვკერავდი, დღემდე ყველა ნახატი მაქვს შენახული. ვმონაწილეობდი ჯგუფურ გამოფენებსა და მოდის ჩვენებებში.
სტუდენტობისას სტიპენდიატი ვიყავი და ჩემი სადიპლომო მოდის კოლექცია მე თვითონ შევკერე ჩემივე ხელით.
– ხატავთ პეიზაჟებს, ნატურმორტებს, პორტრეტებს, თქვენს ნამუშევრებს საინტერესო ისტორიებიც აქვთ, განსაკუთრებით პორტრეტებს…
– ვხატავ პეიზაჟებს, ნატურმორტებს, პორტრეტებს. განსაკუთრებით მიყვარს პორტრეტების ხატვა.
ძალიან მომწონდა ისრაელში დაბადებული არაბი მომღერლის, იშტარ ალაბინას შემოქმედება და მისი პორტრეტის შექმნა გადავწყვიტე. იგი საფრანგეთში მოღვაწეობს. პორტრეტი 2013 წელს დავხატე და ინტერნეტში განვათავსე, მალევე გამომეხმაურა მომღერალი და მთხოვა, მისთვის მეჩუქებინა, მეც გავუგზავნე საფრანგეთში ნახატი, მერე დამიკავშირდა და მადლობა გადამიხადა. ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ნახატი გამოაქვეყნა და ასეთი სახით ახალი 2014 წელიც მომილოცა.
– 21-ე საუკუნეა, სიახლეების ეპოქა… როგორც თანამედროვე ხელოვანი, დიზაინერი, როგორ მოდელებს ანიჭებთ უპირატესობას? ქალის სილამაზის ხაზგასასმელად დიზაინერზე ბევრია დამოკიდებული….
– რაც შეეხება მოდას, ნამდვილად სიახლეების ეპოქაა, 21-ე საუკუნის მოდას არ აქვს ჩარჩოები, სრული შემოქმედებითი თავისუფლებაა, რაც ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვცდილობ, თვალი ვადევნო და არ ჩამოვრჩე მოდის სიახლეებს, ძალიან მიყვარს ეს სფერო. ძირითადად, ქალის სამოსზე ვმუშაობ.
ჩემი დიზაინერობა ბავშვობაში თოჯინებიდან დაიწყო, მერე ოჯახის წევრებს ვუკერავდი ტანსაცმელს, სამი და ვართ, ამიტომ ჩემი პირველი მოდელები დები იყვნენ, სკოლის დასრულების შემდეგ რეალობად მექცა ოცნება, რასაც მშობლების მხარდაჭერის გარეშე ვერ განვახორციელებდი.
– პორტრეტებში თქვენეული ინტერპრეტაციებიც არის, თუნდაც ფიროსმანი როგორ მასპინძლობს სხვა დიდ მხატვრებს….
– ეს იდეა „უცხოელი მხატვრები საქართველოში“ სრულიად შემთხვევით დაიბადა, ვაპირებ, სერიად ვაქციო.
თავიდან ჯერ დავხატე ფრიდა კალო, ვან გოგი და სალვადორ დალი. მალევე გაიყიდა ონლაინაუქციონზე. მეორე სერიად უკვე ნიკო ფიროსმანი დავხატე მასპინძლად, მერილინ მონრო, ჯექსონი, ფრიდა კალო, ვან გოგი და სალვადორ დალი კი სტუმრობენ ქართულ სუფრას.
– თქვენი ნამუშევრები უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში მოწონებით სარგებლობს…
– ძირითადად, შეკვეთებზე ვმუშაობ, პორტრეტებს ვხატავ… ჩემი ნახატები უცხოელებმაც იხილეს და ისინი ყაზახეთში, ესპანეთსა და აფრიკაში გაიტანეს.
– ოჯახი… მალე დედა გახდებით…
– როგორც შემოქმედს, მამა ყოველთვის მხარს მიჭერდა, სწავლა იყო თუ გამოფენებში მონაწილეობა, ჩარჩოებსაც კი თავისი ხელით ამზადებდა ნახატებისთვის, თავისი მანქანით გადაჰქონდა ნახატები გალერეაში. ჩემი ყველა წარმატების დროს მისი თვალები სიხარულისგან ბრწყინავდა, ორი წლის წინ გარდაიცვალა ავი დაავადებით, რომელსაც ხუთი წელი ებრძოლა.
ჩემი ოჯახი ყველანაირად მიწყობს ხელს შემოქმედებაში და მხარს მიჭერს. მე მათი სიყვარულის დახმარებით ვქმნი, ისინი შთამაგონებენ.
მყავს საყვარელი მეუღლე, რომლის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ და ახლა ვემზადები დედობისთვის. მინდა ვთქვა, რომ ჩემი შთაგონების წყარო – სიყვარული და სილამაზეა.
სამომავლოდ ძალიან მინდა პერსონალური გამოფენის გამართვა და ჩემი ტანსაცმლის ხაზზე ვოცნებობ.
თამარ შაიშმელაშვილი