ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ლაგოდეხში, ყოველწლიური ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ლაგოდეხში, ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ღონისძიება, ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით ჩატარდა. ადგილზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ, ადგილობრივ მეწარმეთა მიერ წარმოდგენილ ღვინის დეგუსტაციაში, ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნებაში.
დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართული ღვინისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა; ქართული ტრადიციული კოსტიუმების გამოფენა; კერამიკის მოხატვის მასტერკლასი. ასევე, მოეწყო ფარული დეგუსტაცია – სამოყვარულო ღვინის კონკურსი, ქართული სუფრა ქალაქური სიმღერების აკომპანიმენტით. ღონისძიება, მუსიკალური პროგრამით გააფორმა ნეკა სებისკვერაძემ და ჯგუფმა „ჩვენი კვარტეტი“.
საზეიმო ღონისძიება, დასკვნითი კონცერტით ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ ტრადიციული პროგრამით დასრულდა.
ღვინის დღეები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველწლიურად ჩატარდება.
ახალი ფესტივალი „ღვინის დღეები“ ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ქართველი მეღვინეების სტიმულირებასა და ღვინის სამშობლოს საერთაშორისო ბაზარზე, პოზიციონირებას ისახავს მიზნად. „ღვინის დღეები“ ქვეყნის 25 ლოკაციაზე, მათ შორის კახეთის რეგიონის რვავე ქალაქში იმართება.