ევროპაში კორონავირუსთან დაკავშირებული სტატისტიკის გაუარესება პანდემიის ახალი ტალღის დაწყებაზე მიანიშნებს, – ნათქვამია ჯანმო-ს ევროპის ბიუროს დირექტორისა და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის დირექტორის ერთობლივ განცხადებაში.
„სამწუხაროდ, ევროპაში კვლავ ვაფიქსირებთ მაჩვენებლების ზრდას, რაც მიუთითებს ინფექციის ახალი ტალღის დაწყებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ Covid-19-ისა და სეზონური გრიპის ერთობლივმა ცირკულირებამ შესაძლოა, რეგიონის ყველაზე მოწყვლადი მაცხოვრებლებისთვის რისკები, ხოლო ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებზე ზეწოლა გაზარდოს.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებთან ერთად, ორივე ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია რჩება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად. მოვუწოდებთ ევროპის რეგიონის ქვეყნებს, პრიორიტეტულად დაიცვან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, გრიპისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ერთობლივი შეყვანით, როდესაც ეს შესაძლებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ „რეგიონში მილიონობით ადამიანი COVID-19-ის წინააღმდეგ აცრილი ჯერ კიდევ არ არის“. ამიტომ, ევროპულმა ქვეყნებმა ყველა ღონე უნდა გამოიჩინონ, რომ არავაქცინირებული მოსახლეობის იმუნიზაცია უზრუნველყონ.