ჭიათურაში დაიბადა. 2020 წელს დაამთავრა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა, ქართული ფილოლოგიის მიმართულებით. იმავე წელს გაიარა მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (SANGU) და გახდა უფროსი მასწავლებელი.
2019 წელს დაიბეჭდა მისი პირველი წიგნი – „ქართული ენის ანტონიმთა მოკლე ლექსიკონი“, რომლის წარდგენაც გაიმართა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. წიგნმა 2019 წლის 2 ნოემბერს გაიმარჯვა კონკურსში – „საუკეთესო ლექსიკოგრაფიული ნაშრომი“ და მოიპოვა მუხრან მაჭავარიანის კონკურსის პრემია.
2020 წლიდან იბეჭდება მისი სამეცნიერო თეზისები – „სალიტერატურო ენის საკითხები“ – თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში.
2021 წელს ჩააბარა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე. ამჟამად სწავლობს მეორე კურსზე.
არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ლექტორი და მასწავლებელი „მწვანე სკოლაში“.
2022 წლის ნოემბერში იგეგმება მისი ახალი წიგნის წარდგენა – „ოპოზიციურ წყვილთა ლექსიკონები“. ამბობს, რომ ეს ნაშრომი გაგრძელებაა 2019 წელს გამოცემული „ქართული ენის ანტონიმთა მოკლე ლექსიკონისა“. ამჯერად ის შეივსო როგორც სხვა ანტონიმური წყვილებით, ისე ყველა სახის სემანტიკურად დაპირისპირებული ლექსიკური ერთეულით, რომელთაც ოპონიმებს ვუწოდებთო. – ფილოლოგ ნათია ტყემალაძის პერსონა.
– ჭიათურაში დაიბადეთ. ბავშვობა, მშობლები,სკოლის პერიოდი… ალბათ ყველაზე მეტად ქართული ენა და ლიტერატურა გიყვარდათ… რას გაიხსენებთ? სკოლაში რა წარმატებები გქონდათ?
– ბავშვობა/სკოლის პერიოდი საკმაოდ მნიშვნელოვანი, ტკბილი და საინტერესო იყო ჩემთვის. მშობლების ხელშეწყობით შევისწავლე ყველაფერი ის, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის ზოგადი განათლება-განვითარებისთვის. შესაბამისად, დავდიოდი და ვეუფლებოდი თითქმის ყველა სფეროს, რაც კი არსებობდა (მათ შორის სპორტის სახეობებს). ამდენად, ფაქტობრივ ყოველი დღე დატვირთული მქონდა: ვეუფლებოდი რამდენიმე ენას (რუსული, ინგლისური, ფრანგული); ექვსი წელი დავდიოდი მუსიკაზე და ხშირად მქონდა კონცერტები, ასევე ვმონაწილეობდი კონკურსებშიც – როგორც საფორტეპიანო, ისე ვოკალური განხრით; რამდენიმე წელი ვცეკვავდი (ქართულ ცეკვებს); ვსწავლობდი კომპიუტერულ პროგრამებს.
სკოლაში განსაკუთრებულად მიყვარდა მათემატიკა და ქართული. წერა-კითხვის დიდი სიყვარულის გამო გავხდი ფილოლოგი.
– ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა 2020 წელს დაამთავრეთ, ქართული ფილოლოგიის მიმართულებით... გაიხსენეთ სწავლის პერიოდი, ლექტორები…
– აღსანიშნავია, რომ გაუ-ს ქართული ფილოლოგიის პროგრამა ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ქალბატონი თამარ ვაშაკიძე. მე მასწავლიდნენ პროფესიონალი, საუკეთესო ლექტორები, რომელთა დამსახურებითაც ბაკალავრიატზევე სიღრმისეულად შევისწავლე ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა.
– 2020 წლიდან იბეჭდება თქვენი სამეცნიერო თეზისები – „სალიტერატურო ენის საკითხები“ – თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში...
– ქალბატონი თამარ ვაშაკიძის ხელმძღვანელობით, პირველივე კურსიდან ვმუშაობ სალიტერატურო ენის საკითხებზე. ჩემი წარდგენილი მოხსენებებია – „ანტონიმია ქართულში“; „მართლწერის ლექსიკონი დაწყებითი კლასების (I-VI) მოსწავლეთათვის (შედგენის პრინციპები)“; „შერწყმულთანდებულიანი სახელისა და ზმნა-შემასმენლის სინტაქსური მექანიზმისათვის თანამედროვე ქართულში“; „ოპოზიციურ წყვილთა სემანტიკური ჯგუფებისათვის ქართულში“.
– 2021 წლიდან ხართ ლექტორი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU), ასევე – მასწავლებელი „მწვანე სკოლაში“... რას ფიქრობთ ენის დაბინძურების საკითხზე? ბარბარიზმების მომრავლებაზე?
– მრავალი პროცესის შედეგად, სამწუხაროდ, ქართული ენა დაბინძურდა. სწორედ ამიტომ გავხდი მასწავლებელი და ლექტორი, რომ თანამოაზრეებთან ერთად ენის სიწმინდეზე ვიზრუნო.
მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ენობრივი პოლიტიკა უმაღლეს სახელმწიფოებრივ რანგშია აყვანილი. ქართული სალიტერატურო ენის, რომელიც, ამავდროულად, სახელმწიფო ენაც არის, ჯეროვნად სწავლება და მის მიმართ ნორმატიული მიდგომა მიზნად ისახავს, მიღწეულ იქნეს სალიტერატურო ენის სტაბილიზაცია და მონოლითურობა.
– 2019 წელს GAU-ში გაიმართა „ქართული ენის ანტონიმთა მოკლე ლექსიკონის” წარდგენა. წიგნზე რამდენიმე წელს მუშაობდით…
– ანტონიმების ლექსიკონი არ იყო ქართულში, რაც პირველ კურსზე გავიგე. სწორედ მაშინ გადავწყვიტე ამ წიგნის დაწერა. თავდაპირველად, ჩემი ინიციატივა საკმაოდ არარეალური ჩანდა და სასაცილოც კი, რადგან შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება არ მქონდა.
ეს მიზანი გავუზიარე ჩემს ხელმძღვანელს, ქალბატონ თამარ ვაშაკიძეს, რომელმაც ორმაგად დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში. მან შემასწავლა და გამომამუშავებინა ის უნარ-ჩვევები, რაც კი ამისთვის იყო საჭირო. ზუსტად ერთ წელიწადში წიგნი დაიწერა („ქართული ენის ანტონიმთა მოკლე ლექსიკონი“), გამოიცა და პრეზენტაცია გაიმართა 2019 წელს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU).
– ამ წიგნმა 2019 წლის 2 ნოემბერს გაიმარჯვა კონკურსში – „საუკეთესო ლექსიკოგრაფიული ნაშრომი“ და გადმოგეცათ მუხრან მაჭავარიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსის ფულადი პრემია...
– ამ კონკურსში გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი, რადგან გამორჩეული მეცნიერნი მონაწილეობდნენ. შესაბამისად, აღვფრთოვანდი და დიდი მოტივაცია მომეცა – შრომა ნამდვილად ფასდება.
– ნოემბერში იგეგმება ახალი წიგნის წარდგენა – „ოპოზიციურ წყვილთა ლექსიკონები“, რომელიც წინა წიგნის გაგრძელებაა…
– ჩემი ხელმძღვანელი წიგნის რედაქტორი გახლავთ – თამარ ვაშაკიძე, რეცენზენტი – თამარ კვაჭაძე, კონსულტანტი – ვაჟა შენგელაია. ლექსიკონში („ოპოზიციურ წყვილთა ლექსიკონი“), უპირველეს ყოვლისა, მოიაზრება ანტონიმებად მიჩნეული წყვილები და ამავდროულად – ყველა სხვა სახის სემანტიკურად დაპირისპირებული ლექსიკური ერთეულები.
ოპოზიციურ წყვილთა კომპონენტებად დასტურდება არსებითი სახელები (ლხინი – ჭირი…), ზედსართავები (მაღალი – დაბალი…), ზმნები (გათენდება – დაღამდება…), მასდარები (გამარჯვება – დამარცხება…), მიმღეობები (ანთებული – ჩამქრალი…), რიცხვითი სახელები (ბევრი – ცოტა…), ნაცვალსახელები (არაფერი – ყველაფერი…), ზმნისართები (ადრე – გვიან…), ნაწილაკები (არა – დიახ… ).
მასალის ანალიზისას გამოყოფილია ოპოზიციურ წყვილთა სემანტიკური ჯგუფები (მქონებლობა-უქონლობის ოპოზიცია; ადგილის ოპოზიცია; დროის ოპოზიცია და ა.შ.).
– 2021 წლიდან ხართ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი…
– საერთაშორისო პოლიტიკის ინტერესის გამო გადავწყვიტე, გავმხდარიყავი დიპლომატი, ვფიქრობ, ამ სფეროშიც ვიპოვე საკუთარი თავი.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია წერა (პროზისა თუ პოეზიის), მოგზაურობა და ინფორმაციული ტექნოლოგიების შესწავლა.
– ამჟამად რა ნაშრომზე მუშაობთ? რას იკვლევთ?
– ამჟამად ვმუშაობ ახალ ლექსიკონსა (სამწევროვან ოპოზიცია) და ევროკავშირის თემებზე (ევროკავშირი და საქართველო).
– სამომავლო გეგმები…
– საზღვარგარეთ ვაპირებ დოქტორანტურის გავლასა და სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებას.
თამარ შაიშმელაშვილი