ადვოკატი: ნონა გაფრინდაშვილი მიღწეული შედეგით ძალიან კმაყოფილია – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

“ეს არის ქართველი ლეგენდის ლეგენდარული პარტია, რომელიც მან კიდევ ერთხელ მოიგო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, – ამის შესახებ ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა, კახა შარაბიძემ Netflix-თან შეთანხმების დეტალებზე საუბრისას აღნიშნა.

ადვოკატის თქმით, გაფრინდაშვილი მიღწეული შედეგით კმაყოფილია.

„მორიგების მოლაპარაკებების ინიციატივა წამოვიდა სააპელაციო სასამართლოდან. შეთანხმების დეტალები არის მკაცრად კონფიდენციალური. ეს არის მიღებული პრაქტიკა მოცემულ ვითარებაში. ეს შედეგი არის ქალბატონი ნონას ინტერესებში. ის ძალიან კმაყოფილია მიღწეული შედეგით. ძალიან ბევრი ანალოგიური ან მსგავსი დავა აქვს Netflix-ს, თუმცა ძალიან ცოტა მთავრდება მორიგებით. ეს არის ქართველი ლეგენდის ლეგენდარული პარტია, რომელიც მან კიდევ ერთხელ მოიგო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – აცხადებს ადვოკატი კახა შარაბიძე.

უცხოური მედიის – Variety-ის ინფორმაციით, “ნეტფლიქსი“ ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით შეთანხმებას დასთანხმდა.

ცნობისთვის, ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია Netflix-სგან კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვდა. სარჩელში ნათქვამია, რომ სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს, მას არასდროს უთამაშია კაც მოჭადრაკესთან, სინამდვილეში – იმ დროისთვის გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ კაც მოჭადრაკესთან.

სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ Netflix-მა დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ მოიხსენია იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები