სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს, ალექსანდრე სამხარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ, ადგილზე თათბირით მიიღო.

როგორც ბრალდებულმა სხდომაზე განმარტა, მისთვის ამ თანხის გადახდა პრობლემას წარმოადგენს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. როგორც პროკურორმა სხდომაზე განაცხადა, მტკიცებულებების მიხედვით სახეზეა, რომ სამხარაძემ დანაშაული ჩაიდინა, ხოლო იმ მიზნით, რომ არ მიიმალოს და ამგვარად სასამართლოს თავი არ აარიდოს ან არ გაანადგუროს მტკიცებულებები, სამხარაძის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას აღკვეთის ღონისძიება.

დაცვის მხარე კი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძის შუამდგომლობა არ გაიზიარა.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს ალექსანდრე სამხარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. საქმე ეხება მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ვაზნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები