სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ პირებს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ პირებს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ემზარ სიუკაევი და სტეფანე გიქოშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ბესიკ თამლიანი კი დღევანდელ სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა. შესაბამისად, მისი გათავისუფლება დროებითი მოთავსების იზოლატორიდან მოხდება. სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების 9-თვიანი ვადა 29 აგვისტოს ეწურებოდა.
საქმის არსებითი განხილვა 15 სექტემბერს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 5 პირი: ბესიკ თამლიანი, ემზარ სიუკაევი, ლაშა სამხარაძე, კახაბერ ქეშიკაშვილი და სტეფანე გიქოშვილი დააკავეს. ბესიკ თამლიანს, ემზარ სიუკაევს და ლაშა სამხარაძეს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, კახაბერ ქეშიკაშვილსა და სტეფანე გიქოშვილს კი პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.