სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში ბრალდებულ, ესკორტის ოფიცერს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში ბრალდებულ ესკორტის ოფიცერ ვალერი გოზალიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე გოზალიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მის 5 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
პროკურორის განმარტებით, გოზალიშვილი გადაადგილდებოდა სამსახურებრივი, საშტატო იარაღით იმ ფლიგელში, სადაც განთავსებული იყვნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.
მისივე თქმით, გოზალიშვილმა არ შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, რამაც საკმაოდ მძიმე შედეგი გამოიწვია.
ცნობისთვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიების ხელთ არსებული მასალებით დგინდება, რომ 2022 წლის 20 აგვისტოს, დილის საათებში, სმენის გადაბარების დროს ბრალდებული პატიმარი გ.ს. უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ, იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება.
უწყების ცნობითვე, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.