„სიყალბე ფოტოგრაფიაში დანაშაულად მიმაჩნია, თამთას ფოტოები კი მოგვითხრობენ რეალობის შესახებ“ – კადრებით მოყოლილი ამბები, ბევრი სითბო, სიყვარული და… ცრემლიც

დაამთავრაგრარული უნივერსიტეტი და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. ამბობს, რომ ამ პროფესიამ მისცა საშუალება, სხვადასხვა სფეროში აქტიურად ჩართულიყო, როგორიცაა: მენეჯმენტი, ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, სოციალური მედია-მარკეტინგი... თუმცა პარალელურად თან სდევდაც ფოტოგრაფიის სიყვარული. მოგზაურობა და ფოტოების აქტიურად გადაღება  კი 5 წლის წინ დაიწყ.
მალევე მიხვდა, რომ ეს მისთვის გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალოდ გატაცება  იყო. ორი წლის წინ დაიწყ ფოტოგრაფიის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა. აქვს გვერდი: Through Tamta’s Lens • თამთას ობიექტივში.
ამბობს, რომ სიყალბე ფოტოგრაფიაში დანაშაულად მიაჩნია. სწორედ ამიტომ თამთას ფოტოები მოგვითხრობენ რეალობის შესახებ.
მოგზაურობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ეძებს ლამაზ ადგილებსა და საინტერესო ადამიანებს. ფიქრობს, რომ გამორჩეული კადრებით მოყოლილი ამბებით მოგზაურის დაინტერესება დღეს მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გაიცნოს და ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდეს. – ფოტოხელოვან თამთა აივაზიშვილის პერსონა.

– აგრარული უნივერსიტეტი დაამთავრეთ. ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ხართ. თუ გიყვარდათ ხელოვნება ბავშვობაში?
– ხელოვნება ბავშვობიდანვე მიტაცებდა. დავდიოდი ხატვაზე, მუსიკაზე და ქართულ ცეკვაზე. ჯერ კიდევ დაწყებითი სკოლის ასაკში, ეზოში სათამაშოდ ჩასული ვმართავდი კონცერტებს, ვკრებდი სხვადასხვა ნიჭით გამორჩეულ მეზობელ ბავშვებს და კონცერტებს ვატარებდით, ვაწყობდი დეკორაციებს, ვაფორმებდი მოსაწვევებს და ვურიგებდი მეზობლებს. მოსაწვევებს სიმბოლური ფასი ჰქონდა, რომ კონცერტის შემდეგ მონაწილე ბავშვებისთვის მეყიდა საჩუქრები წახალისების მიზნით. ეს დადებითი ემოციები დღემდე მომყვება.

„უშგული“

პროფესიიდან გამომდინარე, აქტიურად მოღვაწეობთ სხვადასხვა სფეროში – მენეჯმენტი, ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, სოციალური მედია-მარკეტინგი…  ანუ გიყვართ თქვენი პროფესია…
– უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებაზე ვსწავლობდი, ჩემმა პროფესიამ მომცა საშუალება, სხვადასხვა სფეროში აქტიურად ჩავრთულიყავი. მიყვარს ჩემი პროფესიები, თითოეული მათგანი ითხოვს კრეატიულ აზროვნებას, ეს კი ძალიან მომწონს და მსიამოვნებს. ჩემთვის უინტერესოა სფერო, სადაც შემოქმედებითად ვერ ვიტვირთები.
როდესაც 5 წლის წინ აქტიურად დაიწყეთ ფოტოების გადაღება, ხომ არ ინანეთ, რომ ხელოვნების გზას არ გაჰყევით სკოლის შემდეგ?– ფოტოგრაფიის სიყვარული ყოველთვის მქონდა, თუმცა იმ პერიოდისთვის ვერ გავაცნობიერე, რომ ეს შეიძლებოდა, ჩემს პროფესიად მექცია.
– როდის მიხვდით, რომ ფოტოხელოვნება თქვენთვის უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალოდ ფოტოების გადაღებაა?
– ჩემს პატარაობას რომ ვიხსენებ, ვხვდები, ფოტოხელოვნებისადმი ინტერესი ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან მქონდა. ჯერ სკოლაშიც არ დავდიოდი, ბებოსთან სოფელში სტუმრად ჩასულს მიყვარდა ძველი ფოტოების თვალიერება, განსაკუთრებით – პორტრეტების. მახსოვს, საათობით ვათვალიერებდი ხოლმე.
გავიზარდე და ფოტოებისადმი ინტერესი კიდევ უფრო გამიძლიერდა. უკვე გავაცნობიერე, რომ ის ჩემი განუყოფელი ნაწილი იყო და უბრალოდ მოყვარულის დონე აღარ მაკმაყოფილებდა. პანდემიის პერიოდში, როცა ყველაფერი ჩაიკეტა, დრო ვიხელთე და დავესწარი „ქენონის“, „ნიკონის“ სკოლის მიერ შემოთავაზებულ ონლაინგაკვეთილებს, ვუყურებდი ცნობილი ფოტოგრაფების მასტერკლასებს.

„ცდო“

პარალელურად, სრულიად შემთხვევით გავიცანი ფოტოგრაფი იური მეჩითოვი, გადავწყვიტე მისთვის მეჩვენებინა ჩემი ნამუშევრები. ძალიან მოეწონა. ამან მეტი სტიმული გამიჩინა, დავუფლებოდი ფოტოხელოვნებას პროფესიონალის დონეზე, გავიარე კურსები და ავიღე პროფესიონალის სერტიფიკატი.
– პირველი ფოტოები…
– ფოტოგრაფია არის აღქმა, განცდა, ემოცია, თან ამ ყველაფრის ტექნიკურად სწორად გადმოცემა და ფართო აუდიტორიამდე მიტანა. თავიდან ფოტოებს ჩემთვის ვიღებდი, რადგან ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, თუმცა მერიდებოდა ვინმესთვის გაზიარება, რადგან მეგონა, დიდ ღირებულებას არ წარმოადგენდა. იმ პერიოდში ფოტოაპარატიც კი არ მქონია.
არასდროს დამავიწყდება პირველი კადრი, რომელმაც მიმახვედრა, რომ ფოტოგრაფიაშიც შემიძლია ჩემი სიტყვის თქმა. ვეღარ დავმალე ემოციები და ვაჩვენე დედას. ფოტოზე აღბეჭდილი იყო ფოთოლი წვიმის შემდეგ, შემოდგომის ემოციები – ასე გადმოვეცი და ფოტოს დავარქვი: „შემოდგომა მშვიდობისა“.

„შემოდგომა მშვიდობისა“

დედაჩემს ნამუშევარი იმდენად მოეწონა, რომ მთხოვა, მისთვის ის ფოთოლი მეჩვენებინა, რომელსაც გადავუღე. ადგილზე რომ მივიყვანე, მან ფოთოლი ვერც კი შენიშნა, იმდენად მცირე ზომის იყო. ამან მიგვახვედრა, რომ შემეძლო ემოციების აღბეჭდვა და ლამაზად გადმოცემა. დამენახა ის, რაც სხვისთვის შეიძლება შეუმჩნეველი ყოფილიყო.
გაქვთ გვერდი – „თამთას ობიექტივში“ და ყოველი „დაჭერილი“  წამი სილამაზესთან წილნაყარია… როგორ იღებთ ფოტოს, ანუ როგორ „იჭერთ“ იმ წამს, რომელიც უნდა აღბეჭდოს კამერამ?
– სახელი: „თამთას ობიექტივში“, იმიტომ, რომ არ შევიზღუდო, ანუ გადავიღო ყველა და ყველაფერი, რასაც საინტერესოდ ჩავთვლი, იქნება ეს მოგზაურობიდან წამოღებული ფოტოები თუ პორტრეტები.
ასევე, ვთანამშრომლობ სხვადასხვა სტარტაპერ კომპანიებთან და ვაწვდი ხარისხიანს ფოტოებს. ასე გამოვახატავ ჩემს თანადგომას, რადგან მეც ვიყავი ერთ დროს სტარტაპერი და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა სრულიად უცხო ადამიანი დაგიდგება გვერდში და გეხმარება შენი ოცნებების განხორციელებაში. არის მომენტი, როდესაც კადრი გონებაში მაქვს წარმოდგენილი და მომყავს ის სისრულეში, თუმცა კადრების უმეტესობა მართლაც რომ დაჭერილი წამია, ფოტოების გადასაღებად გასულს ზუსტად არ ვიცი, რა თემა შეიძლება შემომხვდეს. ყოველთვის ყურადღებით ვარ და ვცდილობ, არაფერი გამომეპაროს. – გამორჩეულია კადრი – მისტიკური სვანეთიდან „უშგული“, „ზამთარი სიყვარულის ქალაქში“,  „ზამთარი ბოტანიკურ ბაღში“, „ჯუთა“, ნისლში გახვეული მთები, შემოდგომა ქართულად, მზის ჩასვლა ზღვაზე… თქვენ რომელს გამოარჩევდით?
– ძალიან რთულია, გამოვარჩიო კონკრეტული კადრი, რადგან, როგორც ჩემი სოციალური გვერდებიდან და ნამუშევრებიდან იგებთ, თითოეული კადრის უკან საინტერესო ისტორია იმალება.
კონკრეტული ჩამონათვალიდან გამოვარჩევდი – „შემოდგომა ქართულად“. ეს არის იდეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა მოექცეთ გარშემომყოფების ნეგატიური დამოკიდებულების ქვეშ და იბრძოლოთ იმისთვის, რისიც გჯერათ.

„შემოდგომა ქართულად“

ჯერ კიდევ მოყვარულმა ფოტოგრაფმა მოვინდომე კახეთში, „თათარაობის“ პროცესის აღბეჭდვა. მახსოვს, ვითხოვე ერთი წამი იმისთვის, რომ შრომატევადი და გემრიელი პროცესი ფოტოგრაფიულად გადმომეცა. გარშემომყოფებმა კი მითხრეს, რომ თამაშის დრო არ იყო. საბოლოოდ, მაინც მოვახერხე გადაღება, რომელიც ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში. ეს იყო პირველი კადრი, რომელიც ფართო აუდიტორიამ აიტაცა და შეიყვარა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ.
ფოტოებით მოთხრობილი ამბები – რას გვიამბობენ თამთას ფოტოები?
– ვერ ვიტან სიყალბეს. სიყალბე ფოტოგრაფიაში დანაშაულად მიმაჩნია. სწორედ ამიტომ თამთას ფოტოები მოგვითხრობენ რეალობის შესახებ.
მე ვმოგზაურობ საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ, ვეძებ ლამაზ ადგილებს და საინტერესო ადამიანებს. განსაკუთრებით საინტერესოა პორტრეტების შექმნა. ვხვდები და ვეცნობი ჩემთვის უცხო ადამიანებს. ყველა ადამიანს აქვს ისტორია და ვფიქრობ, ეს სხვებისთვის საინტერესო და დამრიგებლურიც შეიძლება აღმოჩნდეს. პროცესს თან ახლავს ბევრი სითბო, სიყვარული და ცრემლი.

„ბებო“

ჰობი ფოტოების გადაღება და მოგზაურობააო…. ფოტოების გადაღება ალბათ უკვე ჰობი აღარაა…
– ასეა, ფოტოგრაფია ჩემს ჰობად აღარ მოიაზრება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთან ერთად მოგზაურობ. უკეთესია, თუ მოგზაურებს საერთო ინტერესები აქვთ. სასურველი კადრის მიღება შეიძლება ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერებას მოითხოვდეს.
ჩემი საყვარელი თანამგზავრი ჩემი დაა, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას. მახსოვს, ავსტრიაში, სოფელ ჰალშტატში მოგზაურობისას ემოციებისგან ძილი არ მეკარებოდა. იქ ყოველი მომენტი განსაკუთრებულად ლამაზია და არ მინდოდა, რამე გამომპაროდა. ჩემს დას ერთი წუთით არ დავუტოვებივარ მარტო, განთიადს უკვე სასურველ ადგილმდებარეობაზე შევეგებეთ და მოვახერხე იმის აღბეჭდვა, რაც ჩაფიქრებული მქონდა.
როგორ უთავსებთ თქვენს ძირითად საქმეს და ფოტოხელოვნებას?

„ჰალშტატი“

– ტურიზმი ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა. ფოტოხელოვნების სიყვარულის გამო დავიწყე ტურების დაგეგმვა ფოტოგრაფებისთვის, ვიდეოგრაფებისთვის და ბლოგერებისთვის. ეს არის კატეგორია, რომელიც განსაკუთრებულად აფასებს ხარისხიან ფოტონამუშევრებს. ძალიან დიდი შრომის შედეგია ის, რომ ბავშვობის ოცნება ავიხდინე – მემუშავა უცხოელებთან და გამეცნო მათთვის ჩვენი კულტურა. ამას დაემატა ფოტოგრაფიაც. სწორედ რომ გამორჩეული კადრებით მოყოლილი ამბები უჩენს სურვილს მოგზაურს, დაგეგმოს და გაატაროს შვებულება ამა თუ იმ ქვეყანაში. ჩამოთვლილი მოგზაურების კატეგორია კი ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას.
გამოფენები… სამომავლო გეგმები….
– ჯერ კიდევ მოყვარულ ფოტოგრაფს მქონდა რამდენიმე გამოფენა და გავიმარჯვე სხვადასხვა კონკურსში.
უახლოესი სამომავლო გეგმის შესახებ რომ გიამბოთ, რამდენიმე დღეში მივემგზავრები შვეიცარიაში, საიდანაც ვიმედოვნებ, გამორჩეულ კადრებს წამოვიღებ. ჩავიფიქრე პროექტი, რაც საკმაო დროს და ენერგიას მოითხოვს. მასზე მუშაობა უკვე დაწყებული მაქვს. იმედია,  მალე მოვიყვან სისრულეში და მას იხილავს ფართო აუდიტორია.

 

თამარ შაიშმელაშვილი 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები