სოზარ სუბარი – “ისფედზე“: ჩვეულებრივი რევოლუციური ორგანიზაციაა, რომელსაც თავისი მიზნები აქვს
“ეს არის ჩვეულებრივი რევოლუციური ორგანიზაცია, რომელსაც თავისი მიზნები აქვს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა, სოზარ სუბარმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ისფედთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, თუ მათ რევოლუციონერობა სურთ, რევოლუციური პარტიის სახელი უნდა დაირქვან.
„USAID-მა იცოდა ამ გაყალბების შესახებ და თვე-ნახევრის განმავლობაში მათ ხმამაღლა ხმა არ ამოუღია. გაყალბება იყო ორ ნაწილში – ერთი, თითქოს, არსებობდა 4%-იანი ცდომილება ხმების პარალელურ დათვლასა და რეალურ დათვლას შორის. იძულებულნი გახდნენ, ეღიარებინათ. მეორე, თითქოს, უბნების 8%-ში არსებობდა ცდომილება, რაც ტყუილი იყო და დღემდე არ უღიარებია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“. აღნიშნულის შემდეგ, როდესაც საელჩო ამბობს, რომ ეს არის ყველაზე სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ბუნებრივია, ტყუილია და გარკვეულად თანამონაწილეობა იმ ტყუილში, რასაც „ისფედი“ მაშინაც ამტკიცებდა და ამ მეორე ნაწილში დღემდე ამტკიცებს. როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ „ისფედი“ აცხადებდა, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, ეს უკვე ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი კი არ იყო, ისინი პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შეექმნათ პოლიტიკური კრიზისი. რა თქმა უნდა, ეს უკვე არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის, მით უმეტეს, სანდო არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს არის ჩვეულებრივი რევოლუციური ორგანიზაცია, რომელსაც თავისი მიზნები აქვს. თუ რევოლუციონერობა სურთ და ლენინის გზაზე დადგომა, რევოლუციური პარტიის სახელი უნდა დაირქვან. თუ არასამთავრობო ორგანიზაცია უნდათ, მაშინ ყველა ის დანაშაული აღიარონ, რომელიც აქვთ ჩადენილი. გაყალბება არის დანაშაული“, – განაცხადა სუბარმა.