დაიბადა ქალაქ ბორჯომში. დაამთავრა ბორჯომის II საშუალო სკოლა.
ბავშვობიდან ხატავდა, ვძერწავდა, დადიოდა ვიოლინოზე ბორჯომის მუსიკალურ სკოლაში.
განსაკუთრებით უყვარდა ჰუმანიტარული საგნები და ხელოვნება.
ძალიან უყვარდა პორტრეტების და ნატურმორტების ხატვა, სკოლის პერიოდში ნახატი „თოვლიანი მთები“ განთავსებული იყო ბატონ თემურ ვეფხვაძის საგამოფენო დარბაზში.
წლების შემდეგ ხატვის შეწყვეტა მოუხდა, მაგრამ ისევ დადგა ის დღე, როდესაც კვლავ აიღო ფუნჯი და დაიწყო ხატვა.
ამბობს, რომ ჰყავს მეუღლე და ორი არაჩვეულებრივი ქალიშვილი. შთგონების წყაროც – ოჯახი, სიყვარული, სიკეთე და უბრალოებაა. სწორედ ამათშია სილამაზე, რაც ჩემს მიერ შექმნილი თითოეული ნახატიდან შეიგრძნობაო.
მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში . მისი ერთ–ერთი ნახატი მოთავსებულია ახალციხის უნივერსიტეტის მუზეუმში.
ამჟამად აგრძელებს საყვარელ საქმიანობას საქართველოს მხატვართა კავშირის წევრებთან ერთად. – თვითნასწავლი ხელოვანის, ნათია ზურაბიშვილის პერსონა.
– დაიბადეთ ბორჯომში, ბავშვობიდან ხატავდით, ძერწავდით, დადიოდით ვიოლინოზე ბორჯომის მუსიკალურ სკოლაში…
– დავიბადე ქალაქ ბორჯომში, საქართველოს ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ და ულამაზეს მხარეში. ბავშვობა ძალიან ლაღი და ბედნიერი მქონდა. გასახსენებელი ბევრია. ჩემი მეგობრების, ანსამბლ „ქუჩის ბიჭების” პირველი კონცერტები კულტურის სასახლეში 90-იან წლებში, ხალხით გადაჭედილი დარბაზები.
მოგეხსენებათ, „ქუჩის ბიჭებიც“ წარმოშობით ბორჯომიდან არიან. პაატა ხაჩიძე ჩემი კლასელი იყო, ძალიან ბევრი რამის გახსენება შეიძლება ჩემი ბავშვობიდან…
– ბორჯომის II საშუალო სკოლა დაამთავრეთ, სკოლაშიც განსაკუთრებით გიყვარდათ ჰუმანიტარული საგნები და ხელოვნება... ხატვაში გქონდათ წარმატებები…
– სკოლაში, ასე რომ ვთქვათ, ჩემთვის უფრო მისაღები ჰუმანიტარული საგნები იყო. და, რა თქმა უნდა – ხატვა. რამდენჯერ გაკვეთილებზე ჩუმად მასწავლებლების კარიკატურები დამიხატავს, ერთი ხელის მოსმით.
– ერთხანს არ ხატავდით, მოგვიანებით ისევ აიღეთ ფუნჯი და ახლა თვითნასწავლი მხატვარი ხართ… როგორი იყო განცდა, როცა ხატვას დაუბრუნდით?
– თავიდან, მოგეხსენებათ, ბავშვურ გატაცებად ვთვლიდი ამ ყველაფერს, რაც ასე კარგად გამომდიოდა, მიყვარდა განმარტოება და ჩემს სამყაროში ბედნიერად ვგრძნობდი თავს… სივრცეს გავყურებდი ხშირად და შევიგრძნობდი სამყაროს არსებობას, შემდეგ ეს შეგრძნებები და ფანტაზიები ფურცელზე გადმომქონდა. ვწერდი კიდეც მოთხრობებს და ლექსებსაც, მაგრამ ხატვა ჩემთვის უპირველესი იყო ყოველთვის.
ოჯახის შექმნის შემდეგ ,როგორც ხდება ხოლმე, ხშირ შემთხვევაში ხატვისთვის არც მეცალა.
5 წელია ხატვას დავუბრუნდი და უმისოდ აღარ შემიძლია, სიზმარშიც კი ვნახულობ, როგორ ვხატავ და რას ვხატავ. მერე გადმომაქვს ტილოზე. ეს სასწაული აუხსნელი რამ არის.
ბავშვობაში, სკოლის პერიოდში, სიზმარში სულ ვხატავდი ნაძვნარს და მთებს, ისეთი ბედნიერი ვიღვიძებდი, მერე თაბახზე გადმოვიტანე, აკვარელით დავხატე. მაშინ, 90-იანებში, ზეთის საღებავები არ იშოვებოდა. ის ნახატი აღარ მახსოვს, სად წავიღე, ალბათ ვინმეს ვაჩუქე. ცოტა ხანს ბორჯომის საგამოფენო დარბაზში იყო გამოფენილი. ეგ ჩემი პირველი ნამუშევარია, რაც სიზმრიდან გადმოვიტანე.
უშუქობის პერიოდი გემახსოვრებაც თქვენც, სანთელი რომ ჩამოდნებოდა, იმ ჩამომდნარი სანთლისგან კალათებს და ყვავილებს ვძერწავდი. ბევრი მქონდა დაგროვილი, ულამაზესი ვარდები გამომდიოდა სანთლისგან, მენატრება ის დრო, სხვანაირი სითბო და ურთიერთობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გვაკლდა.
– ხატავთ პორტრეტებს, ნატურმორტებს, პეიზაჟებს, ანგელოზებს… თბილი ფერები კარგ განწყობას ქმნის… რა გჭირდებათ შთაგონებისთვის?
– რა თემაც არ უნდა იყოს, ანგელოზი იქნება ეს თუ სხვა რამ, ყოველთვის სითბოთი და დიდი სიყვარულით ვხატავ. ამიტომ აისახება ჩემს ნახატებში თბილი ფერები თუ სხვა შეგრძნებები, რასაც ხალხი აღიქვამს.
– ამბობთ, რომ შთაგონების წყარო ოჯახი, სიყვარული, სიკეთე და უბრალოებაა… რა როლს ასრულებს თქვენი ოჯახი თქვენს ცხოვრებაში, როგორ სტიმულს გაძლევთ შემოქმედებითად?
– რა თქმა უნდა, ჩემი შთაგონების წყარო ბედნიერება და სიმშვიდეა, რაც თითოეული ადამიანისთვის საჭიროა და ოჯახი, რა თქმა უნდა. პირველ რიგში დგას ჩემთვის თბილი კერა და თბილი ნახატები…
– კესანეები….
– კესანები ვის არ უყვარს, განსაკუთრებული ყვავილია, ამიტომაც ვეძახით „არ დამივიწყოს”… ძალიან ფაქიზები და ორიგინალურები, ულამაზესები არიან… ალბათ დამეთანხმებით.
– როგორ შეიქმნა „საზამთროს ნაჭერი“?
– „საზამთროს ნაჭერს“ და მის შექმნას რაც შეეხება, ცხელ ზაფხულთან დავაკავშირე. ამ გემრიელ ხილს ხომ ზაფხულში მივირთმევთ, ბავშვებს იდაყვებზე წუწი რომ ჩამოსდით და მოთხუპნულები არიან, ეს გამახსენდა ზუსტად. შთაგონებაც ეს იყო.
– მონაწილეობთ ჯგუფურ გამოფენებში. ერთ-ერთი ნახატი მოთავსებულია ახალციხის უნივერსიტეტის მუზეუმში… მონაწილეობთ მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებულ გამოფენებშიც…
– ჩემი ნახატი „შემოდგომის ქალღმერთი” განთავსებულია სამცხე -ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში.
გამოფენებში მონაწილეობა აუცილებელია ყველა მხატვრისთვის, სასიამოვნო წუთები, განცდები და ყურადღება აუცილებელია ხელოვნებაში. ნიჭს გზა ფართო უნდა მივცეთ, რომ უფრო გაიზარდოს და დაიხვეწოს, დამეთანხმებით ალბათ.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი რა არის? სახლში ბევრი ტილო და ზეთის საღებავები – ბევრი ნამუშევრის შესაქმნელად.
– რაზე მუშაობთ ამჟამად?
– ამჟამად ვმუშაობ საგამოფენო ნახატზე, შემოდგომის თემატიკაზე და მალე იხილავთ .
– სამომავლო გეგმები…
– გეგმები, რა თქმა უნდა, მაქვს. მთავარია, მშვიდობა იყოს, დანარჩენი ყველაფერი მოგვარდება, მხატვრისთვის მთავარია ბევრი ხატვა და დაფასება, შრომა უნდა ფასდებოდეს, დამეთანხმებით, მეტი სტიმულისთვის.
თამარ შაიშმელაშვილი