დაიბადა აბაშის რაიონში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში, მოგვიანებით კი ჩააბარა აკადემიაში.
პანდემიის დაწყებამდე მუშაობდა თექისა და გობელენის პანოების შესრულებაზე, ნამუშევრებით ინტერესდებოდნენ ქვეყანაში შემოსული ტურისტები და სამინისტროები, ეს ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პირად კოლექციაშია.
მონაწილეობდა ხალხური რეწვის გამოფენებში, ასევე – სამხატვრო კავშირის მიერ ორგანიზებულ ჯგუფურ გამოფენებში.
არის მხატვართა კავშირისა და ლიგის წევრი.
ამბობს, რომ თითქმის ყველა ნამუშევარი სიყვარულს, სიკეთესა და საყვარელ თემებს ეხება. – ნონა კოკაიას პერსონა.
– დავიბადე აბაშის რაიონში. ბავშვობა ძალიან ტკბილად მაგონდება, მქონდა სრული თავისუფლება – ყველაფერი ლამაზი, ფერადი, ლაღი და ხალისიანი. რაც არ მომწონდა, საოჯახო ალბომში შავ-თეთრი ფოტოები იყო, სწორედ ჩემი ფერადი ბუნებიდან გამომდინარე, ფოტოებიც მარკერით ფერადი გავხადე. მიყვარდა ხატვა და ვასრულებდი ყველა მასალაში, რაც ჩემთვის ხელმისაწვდომი იყო, თუნდაც მდინარის პირას ფერადი ქვებით ვაწყობდი მოზაიკებს და ძალიან საინტერესო გამოდიოდა. ეს პერიოდი მხოლოდ 15 წელი გაგრძელდა, მე-8 კლასის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე, სწავლა გაგრძელება სამხატვრო სასწავლებელში.
– მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიულ–ტექნიკურ სასწავლებელში განაგრძეთ სწავლა. მოგვიანებით კი აკადემიაში ჩააბარეთ...
– სწორედ მ. თოიძის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი იყო ის სასწავლებელი, სადაც დავეუფლე გობელენის სპეციალობას (კეთილი მსურველების რჩევით). ის ძალიან შრომატევადი სპეციალობაა, თუმცა ეს არ ყოფილა ჩემთვის პრობლემა. რამდენიმე ათეული წელი აქტიურად ვიყავი გობელენის ქსოვაში ჩართული. ეს პროფესია გახდა ჩემი შემოსავლის წყარო. თოიძეში სწავლის პერიოდში ჩემმა ნამუშევარმა მიიღო ჯილდო. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვასრულებდი ქართულ თემატიკაზე ნამუშევრებს და ვაბარებდი „სოლანში“.
ოჯახის შექმნის შემდეგ აკადემიაში ჩაბარება შეუძლებლად მიმაჩნდა, ვინაიდან ოჯახში სხვა ვალდებულებები მეკისრებოდა. თუმცა ერთმა ჩემთვის უცნობმა ქალბატონმა ორი სიტყვით მოახერხა 33 წლის ასაკში ჩემი აზრის შეცვლა და მივიღე უსწრაფესი გადაწყვეტილება, მხოლოდ რამდენიმე დღე რჩებოდა აკადემიაში გამოცდებამდე და ჩავაბარე კიდეც.
კათედრაზე, სადაც ვსწავლობდი, ოჯახური გარემო იყო. პროფესიონალი პედაგოგები: ნუცუბიძე, ყანდარელი და სხვები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებდნენ. დაუვიწყარია ჩემთვის ის წლები, რომელიც აკადემიაში გავატარე. სტუდენტობის პერიოდშიც ოჯახის ფინანსებზე ვზრუნავდი, ვმუშაობდი გვიანობამდე, დილით კი კვლავ აკადემიისკენ მივიჩქაროდი.
– პანდემიის დაწყებამდე მუშაობდით თექისა და გობელენის პანოებზე… ამბობთ, რომ ეს ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია, პირად კოლექციაში...
– პანდემიის დაწყებამდე თითქმის ორი ათეული წელი ვასრულებდი გობელენებს, თექებს და თოჯინებს, რომლებიც ჩემი ოჯახის რჩენის ძირითადი შემოსავლის წყარო იყო, ვიღებდი შეკვეთებს, მყავდა მოსწავლეები, ნამუშევრებს საჩუქრად ყიდულობდნენ მინისტრები ქვეყანაში შემოსული სტუმრებისთვის. ხშირად შევსწრებივარ, თუ როგორ არჩევდნენ უცხო ქვეყნის სტუმრებისთვის ქართულ სუვენირებს.
ერთხელ უცხოეთიდან გასულ სიუჟეტში ინტერიერში ჩემი ნამუშევარი აღმოვაჩინე, რომელმაც ძალიან გამახარა.
ეს კომპოზიციები საინტერესოა ტურისტებისთვისაც. ისინი ხომ ჩვენი ქალაქის სილამაზეს გადმოსცემენ. ასე აღმოჩნდა ჩემი ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ კუთხეში. თუმცა ამ ყოველივემ უკან დასწია ჩემი, როგორც მხატვრის როლი. კარიერაზე და პროფესიულ ზრდაზე არც მიფიქრია. იმ ეტაპზე, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ოჯახი პირველ ადგილზე დავაყენე.
– რაზე მუშაობდით პანდემიის დროს, როცა ყველაფერი ჩაიკეტა? უფრო ნაყოფიერი პერიოდი გქონდათ თუ – პირიქით?
– პანდემიის დაწყებამ მაჩვენა, რომ სრულიად უსახსროდ დავრჩი. ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები და კვლავ ჩემი სპეციალობით საქმის გაგრძელება არაფრის მომცემი იყო. შვილების თხოვნით, მათი თანადგომით და საქმისადმი სიყვარულით კვლავ მივუბრუნდი ხატვას. ვფიქრობ, პანდემიამ ჩემს საქმიანობაში დადებითი როლი შეასრულა.
– ქართული და მრავალფეროვანია ნამუშევრები – სიყვარული, თბილისი, ფიროსმანის თემატიკა, ნატურმორტები…
– წლებმა, რომლებიც ფუნჯის გარეშე გავატარე, ჩემში გარკვეული კვალი დატოვა. თემები, რომლებსაც არ ვეხებოდი, კვლავ გაცოცხლდა და შთაგონება იმისათვის, რომ ნახატი შემექმნა, კვლავ ზედაპირზე ამოტივტივდა.
თითქმის ყველა ნამუშევარი სიყვარულს, სიკეთესა და ჩემს საყვარელ თემებს ეხება. ყველაფერი, რასაც ვუცქერ, შთაგონების წყაროა, რომელიც ყოველდღიურ მუშაობაში მეხმარება. თუმცა მომწონს იმ მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც თემატურად და შესრულების სტილით სრულიად განსხვავდებიან.
– ამბობთ, რომ ნახატებს შვილიშვილებს უძღვნით. „სიყვარულის ჰანგებში“ სოფლის ელემენტებია გამოყენებული…. „რეკავენ სიყვარულის ჰანგები“ – ეს ნამუშევარი კი 6 შვილიშვილს ეძღვნება…
– ეს ორი კომპოზიცია სიყვარულზეა, ორივე მათგანში გამოყენებულია სოფლის ხედები და მცირე ზომის სიუჟეტები, მათი შექმნა ჩემი პატარების დამსახურებაა. „სიყვარულის ჰანგები“ მათი შეკვეთა იყო, მინდოდა შემესრულებინა ნახატი, რომელიც ლამაზ სიყვარულს გვიამბობდა, სწორედ კომპოზიციაში გამოყენებული პატარა ფიგურები მოგვითხრობენ ამ შეუდარებელ გრძნობაზე. მეორე ნამუშევარში კი ჩემი ონავარი ბავშვები გამოვსახე მოქმედ პერსონაჟებად, ცუგასთან ერთად.
დაე, მათ გულებშიც ისმოდეს მუდამ სიყვარულის ზარები. ნამუშევრებში შეხვდებით ასევე პერსონაჟებს, თავიანთი პრობლემებითა და ყოველდღიური საზრუნავით. ზომის გამო ნახატზე შეიძლება რთულია ყველა დეტალის დათვალიერება, თუმცა მნახველს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამოიკითხოს ახალი აღმოჩენები, რომლებიც ნამუშევრებში იმალება.
– თბილისის თემა… და მაინც, როგორია თქვენი საყვარელი თბილისი?
– ჩემს შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია თბილისურ ხედებს. ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან ხშირად გავდიოდი ძველი ქალაქის ქუჩებში, ვასრულებდი ჩანახატებს, რომლებსაც ვიყენებდი ნამუშევრების შესასრულებლად.
შეუძლებელია, არ გიყვარდეს ქალაქი, რომელიც უცხოელებსაც კი აღაფრთოვანებს – ვიწრო ქუჩებით და ლამაზი აივნებით. თითქოს წარსულში შეგიძლია იმოგზაურო ამ უბნებში სიარულის დროს.
– ცელქი გოგონები – თქვენს შემოქმედებაში ერთი შთამბეჭდავი ციკლია… ფანტაზიით ქმნით ამ გოგონებს თუ გყავთ პროტოტიპები?
– ხშირად ვეხები ონავარი გოგონების თემას, მეც ხომ სახლში მყავს ასეთი პატარები, მათი ხასიათი იგრძნობა ნამუშევრებში, თუმცა ვცდილობ, ვიზუალურად პერსონაჟები კომპოზიციას მოვუხდინო.
– „მშვიდობის მატარებელი“ – როგორ შეიქმნა ნახატი უკრაინის თემაზე?
– თემას, რომელსაც „მშვიდობის მატარებელში“ შევეხე, ყველა ქართველის სანუკვარი ოცნებაა, იქნებ ეს ზღაპარივით შესრულებული კომპოზიცია მალე რეალობად გვექცეს… არ მეგულება შემოქმედი, რომელიც ამ თემას გვერდს აუვლის, ჩემი ნამუშევარი კი კეთილ ზღაპარს ჰგავს. უკრაინის თემამ, რომელმაც მსოფლიო ააღელვა, მეც შემასრულებინა ჩემებური ვერსია… ამ ნამუშევარშიც ქართველი გოგონა გამოვიყენე, რომელიც უკრაინელ ხალხს სიყვარულს უგზავნის მათ დროშაზე გულების მიკერებით.
– თოჯინები და პანოები ქართული თემატიკით… რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით ამ ციკლიდან?
– ქართული თემატიკით შესრულებული პანოებიდან და თოჯინებიდან გამოვყოფდი საავტორო თოჯინებს, განსაკუთრებით მიყვარს ბერიკა, ვფიქრობ, ორიგინალური ნამუშევარია ქართული სულით.
– ჰობი…
– მიყვარს ძველი საინტერესო ნივთები, ბეწვის და ტყავის ნარჩენები, რომლებსაც ასევე ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ახალ სიცოცხლეს ვძენ. ტყავი, ბეწვი და სხვადასხვა ძველი ნივთი მხატვრული დამუშავებით შეიძლება ორიგინალური ჩანთების დეტალებად აქციო.
– ოჯახი…
– მყავს დიდი ოჯახი: მეუღლე, დაოჯახებული ორი შვილი, 6 შვილიშვილი და ცუგა… ისიც ხომ ჩემი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია.
– გამოფენები, წარმატებები, ჯილდოები…
– პანდემიამდე მხოლოდ ხალხური რეწვის გამოფენებში ვმონაწილეობდი, ბოლოს 2002 წელს ცისფერ გალერეაში ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, პანდემიის შემდეგ კი გავაგრძელე გამოფენებში მონაწილეობა, გავხდი მხატვართა ლიგისა და მხატვართა კავშირის წევრი.
მხატვართა ლიგის 7 ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, დაიბეჭდა კატალოგები, ასევე გამოიცა წიგნი სახელწოდებით – „ფიფქები“ – სადაც ჩემი 5 ნამუშევარი დაიბეჭდა, ასევე დაიბეჭდა 2022 წლის კალენდარი ჩემი 2 ნამუშევრით.
მხატვართა კავშირის ჯგუფურ 3 გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, სადაც მიღებული მაქვს სერტიფიკატი. 2020 წლიდან არტმეგობრებთან ერთად ვმონაწილეობ გამოფენებში. „გალერეა 9“-ში გვქონდა ჯგუფური გამოფენა სახელწოდებით – „პიკასოს იუბილე“. სახვითი ხელოვნების მუზეუმში ჯგუფურ გამოფენაში სახელწოდებით – „ფერთა ფილოსოფია“ დაიბეჭდა კატალოგი, მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო გამოფენებშიც.
საბერძნეთში, ათენში გამართულ გამოფენებში მივიღე სერტიფიკატები – იუნესკოს მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე წარდგენილი მქონდა ჩემი „სიყვარულის ჰანგები“. ონლაინ ვმონაწილეობდი ინდურ გამოფენაში, სადაც პირველ ხუთეულში აღმოვჩნდი.
ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო საქართველოს აკვარელის საერთაშორისო საზოგადოების ჯგუფური გამოფენა, სადაც დამაჯილდოვეს სერტიფიკატით. ვმონაწილეობდი ქართველ ქალთა ციფრულ გამოფენაში, ფარაჯანოვის საიუბილეო საღამოზე კი წარდგენილი მქონდა ჩემი „ფერადი თბილისი“.
არტმეგობრებთან ერთად ვმონაწილეობდი საქველმოქმედო გამოფენაში – „უკრაინისთვის“. ნამუშევრის რეალიზაციიდან მიღებული თანხა გადაეცა ფონდს.
– სამომავლო გემები…
– უახლოესი გამოფენები, რაც მელოდება ბათუმის გალერეაში არტმეგობრებთან ერთად, 26 აგვისტოს გაიხსნება, სახელწოდებით – „მზის სხივი“. სექტემბრის 26-ში კი „სპანდან გლობალ-ინდო ჯორჯია“ ხელოვნების ფესტივალის გახსნაა უზნაძის №13 ნომერში.
ნოემბერში ქართველ მხატვრებთან ერთად ვმონაწილეობ ჯგუფურ გამოფენაში ხელოვნების ერთ-ერთ წამყვან ქალაქში პარიზში. ასევე ვგეგმავ ჩემს პირველ პერსონალურ გამოფენას, სადაც პანდემიიდან დაწყებული დღემდე შესრულებულ ნამუშევრებს წარმოვადგენ, ნამუშევრებს, რომლებიც ჯერჯერობით ჩემს მფლობელობაშია. მოწვეულ სტუმრებს კი ავტორისაგან სიურპრიზი ელოდებათ.
თამარ შაიშმელაშვილი