სოფო გონგლიაშვილის ტიხრული მინანქრის მოდური გადაწყვეტა
ტრადიციული ქართული მინანქარი მის შემოქმედებაში მოდურ აქსესუარად ტრანსფორმირდება.
სილიციუმოჟანგი, ბორის ანჰიდრიდი, ალუმინის, ტიტანის ჯანგი, ტუტიის ჯანგეულები – ამ გაუგებარი ტერმინებისგან შედგება სინამდვილეში ტიხრული მინანქრის ულამაზესი ნაკეთობები. დირიჟორი კი ხელოვანი – სოფო გონგლიაშვილია.
შემოქმედებაც ისეთივე კაშკაშაა, როგორიც მისი ნაკეთობები. ფერადი და უფრო მეტად მოდური… ნათელი და შთამბეჭდავი. მასიური ბეჭდები, გულსაბნევები და გულსაკიდები უკვე გასცდა საქართველოს ფარგლებს და მათ შესახებ ლონდონის და პარიზის მაღალი მოდის პლატფორმაზეც შეიტყვეს. მსოფლიოს ყველაზე მოდურმა საზოგადოებამ საუკეთესოებს შორის შეარჩია. ახლა თავის ნაკეთობებთან ერთად მოდის მორიგ მეგაპოლისში მიდის მორიგი წარმატების „წამოსაღებად“.
– როგორ დაიწყე ტიხრულ მინანქარზე ფიქრი და ხელობის შესწავლის შემდეგ თუ გაგიმართლა იმედები მინანქარმა?
– დავამთავრე სამხატვრო აკადემია, ხოლო მინანქარზე მუშაობა 2000 წელს დავიწყე. ჩემი პირველი ნამუშევარი იყო „თვითმფრინავი“, რომელიც დღემდე ჩემს სახლშია. სამკაული და ხელით რაღაცების შექმნაც ყოველთვის მიყვარდა, ამიტომ დიდი ფიქრი არ დამჭირვებია, როდესაც ეს საქმე დავიწყე. სახლში ყველაფერი მქონდა, რომ მინანქარზე მემუშავა და ჩემთვის სამკაულები მეკეთებინა.
– რა ტექნიკით ამუშავებ მინანქარს?
– დღეს აზრები ყოველთვის იყოფა, ზოგი არტობიექტებად აღიქვამს (განსაკუთრებით ბოლო კოლექციას, რომელსაც „ანგელოზების სიყვარული“ ჰქვია), ზოგი მხოლოდ მოდაში, ზოგი სხვადასხვა მუზეუმში ან მაღაზიაში ხედავს ჩემს სამკაულს.
– ამ სფეროში უკვე მრავალი წელია მუშაობ. საქართველოში მიღებული გამოცდილების შემდეგ შენით სხვადასხვა დროს უცხოეთშიც დაინტერესდნენ..
– წელს ძალიან საინტერესო წელი იყო ჩემთვის, ვმონაწილეობდი პარიზის გამოფენაში, ხოლო ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში, “London fashion case”-ზე 27 ქვეყნის დიზაინერებს შორის მეორე ადგილი ავიღე, რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. მასში ბევრი ცნობილი დიზაინერი მონაწილეობდა. როდესაც ჩემი სახელი გამოაცხადეს და მოულოდნელად სცენაზე აღმოვჩნდი, მეგონა, „ოსკარის“ დაჯილდოებაზე ვიდექი და ისე ვტიროდი. შემდეგ ხალხს რომ გადავხედე, მივხვდი, რომ მთელი დარბაზი ჩემთან ერთად ტიროდა. ზუსტად ამ დღეს ჩემს ტყუპებს 8 წელი შეუსრულდათ. მოკლედ, ძალიან ემოციური დღე მქონდა.
– ბეჭდები, გულსაკიდები, გულსაბნევები… ჩანაფიქრის მიხედვით ამზადებ ნამუშევრებს თუ ექსპრომტად, თავად ნაკეთობა გკარნახობს მუშაობის პროცესში..
– ინსპირაცია თითქოს თვითონ მოდის და ზოგჯერ – რამდენიმე ერთად. ვიწყებ მუშაობას და ვხვდები, რომელი ფორმა მომწონს. შემდეგ იმაზე ვჩერდები და მერე იწყება ყველაზე საინტერესო – კოლექციის შექმნა.
– პირადად შენ რომელ აქსესუარს ანიჭებ უპირატესობას?
– ჩემთვის ყველაზე საყვარელი ამჟამად ბეჭდებია. 2 წელია ერთი და იგივე ბეჭედს ვატარებ. მიუხედავად მისი ფორმისა და სიდიდისა. კომფორტულად ვგრძნობ თავს.
– ახლა რა ეტაპია შენს შემოქმედებაში?
– სექტემბერში მილანსა და პარიზში მაქვს გამოფენები და შეხვედრები ჩემთვის საინტერესო ადამიანებთან.
– როდესაც ნამუშევარი ისეთი არ გამოდის, როგორიც ჩაფიქრებული გქონდა…
-ასეთი რამ ძალიან ხშირად ხდება. მაგრამ ამასაც მინდა შემოქმედებითად მივუდგე და გაფუჭებული ნამუშევრებით ახალი სერია შევქმნა. უკვე დაწყებული მაქვს ამ მიმართულებითაც მუშაობა. ნაკლიანი ნაკეთობებიც მინდა ისევ არტს მივუძღვნა.
– არის შენს ცხოვრებაში სხვა კუთხეებიც…
– გარდა ტიხრული მინანქრისა, ავეჯსაც ვამზადებ. ეს საქმიანობა ჩემთვის დავიწყე. სახელოსნოში, სადაც ვმუშაობ, არის 10- მეტრიანი ჭერი და სულ სხვა გარემოა. დავიწყე მარტივად, ნელ-ნელა.. და ძალიან მალე ჩემს ნამუშევრებს უამრავი გულშემატკივარი გაუჩნდა. მთხოვენ, გავაკეთო ავეჯიც, მაგრამ ეს საქმე იმდენად შრომატევადია, განსაკუთრებით ქალისთვის, რომ ამ მიმართულებით ალბათ აღარ გავაგრძელებ საქმიანობას.
– ნამუშევრებს ალბათ თავისი ენერგეტიკა აქვთ..
– ყოველთვის ვცდილობ, კარგ თემაზე გავაკეთო ნაკეთობები, რადგან ამას ყოველთვის აქვს ისტორია. მქონდა შემთხვევა, როდესაც 10 წლის წინ ერთმა ქალბატონმა იყიდა მოსკოვში ჩემი ნამუშევარი და ამ სამკაულის გარშემო რაღაც ძალიან საინტერესო ისტორია შეემთხვა და გარკვეული გავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე. მეც სულ ვცდილობ, ჩემი სამკაულები იყოს კარგ თემაზე. არის მასში რაღაც მისტიკური. ეს ნივთი მომავალში გადავა შთამომავლებზე და აუცილებელია, რომ ის დადებითი ენერგიით იყოს დამუხტული.
ნანუკა ალავიძე