თბილისში დაიბადა და წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი.
შემდეგ მოღვაწეობა გააგრძელა ევროპაში, სადაც მუშაობდა კერძო დიზაინერთან და ქმნიდა ესკიზებს.
საქართველოში დაბრუნებისას, 2009 წელს დაიწყო თანამშრომლობა საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილთან“, სადაც ქმნიდა საბავშვო ილუსტრაციებს.
2008 წლიდან დაიწყო ხელოვნების პედაგოგად მოღვაწეობა 186-ე საჯარო სკოლაში და დღემდე აგრძელებს მუშაობას. მონაწილეობს გამოფენებში.
ინდოეთში, გოაში საერთაშორისო ონლაინგამოფენა SPANDAN International Online Art Exhibition, 5th Edition-June 2022, გაიმარჯვა და ხუთ გამარჯვებულ მხატვარს შორის დასახელდა. – მხატვარ ეკა ფხოველიშვილის პერსონა.
– ბავშვობაში ხატვა იყო ჩემთვის თამაში, გართობა და, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარდა. ფერადი ფანქრები, საღებავები და ფურცლები ჩემთვის მნიშვნელოვანი საგნები იყო, რითაც მე ვერთობოდი.
– 2000 წელს წარმატებით დაამთავრეთ სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი. რატომ მოდელირების?
– მოგვიანებით გამიტაცა სამოსის დიზაინმა. ვხატავდი უზომოდ ბევრ გოგონებს და ჩემი ფანტაზიით ვაცმევდი კაბებს. ამ ყოველივემ გადამაწყვეტინა სამხატვრო აკადემიაში ტანსაცმლის მოდელირების ფაკულტეტზე ჩაბარება. ამიტომ დავიწყე თავდაუზოგავი შრომა და მომზადება, რათა ჩემი მიზნისთვის მიმეღწია.
– ერთხანს ევროპაში კერძო დიზაინერთან მუშაობდით და ქმნიდით ესკიზებს... რით იყო ეს პერიოდი საინტერესო?
– აკადემიის დამთავრების შემდეგ სოციალური პირობების გამო საზღვარგარეთ, კერძოდ, საბერძნეთში გავემგზავრე, იქაც გამიმართლა, ჩემს პროფესიას დავეუფლე და ერთ-ერთ კერძო დიზაინერთან საქორწინო კაბების მაღაზიაში მომიწია კაბების ესკიზების შექმნა სხვა უცხოელ მხატვარ-დიზაინერებთან ერთად.
– საქართველოში დაბრუნების შემდეგ თანამშრომლობდით საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილთან“ ქმნიდით საბავშვო ილუსტრაციებს.
– საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვერ შევძელი ჩემი ჩანაფიქრების განხორციელება, მოდელირების განხრით უსახსრობის გამო. დავიწყე თანამშრომლობა ჟურნალ „ჯეჯილთან“, რაც ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის.
ჩემი ილუსტრაციები ბავშვების სამყაროსთან და წარმოდგენებთან უნდა ყოფილიყო მარტივად აღსაქმელი და გასაგები.
– 2008 წლიდან დღემდე 186-ე საჯარო სკოლაში ხელოვნების პედაგოგად მოღვაწეობთ. ამბობთ, რომ ეს ძალიან გეხმარებათ შემოქმედებით განვითარებაში...
– ვფიქრობ, სკოლაში ჩემი მოღვაწეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მეხმარება შემოქმედებით განვითარებაში. ხელოვნება ხომ ადამიანის თვითგამოხატვის არაჩვეულებრივი საშუალებაა. მხატვარი ყოველთვის ცდილობს, ხელოვნების ენით ისაუბროს და საზოგადოებას განსხვავებული კუთხით დაანახვოს სამყარო. ზუსტად ეს იწვევს ინტერესს და აძლევს სულიერ სიამოვნებას მაყურებელს. ხატვის დროს ყოველთვის დადებითი ენერგია მოდის. ეს მათავისუფლებს და მაბედნიერებს ისევე, როგორც ჩემს თაყვანისმცემლებს.
უწინარესად, ვცდილობ, შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დავეხმარო ბავშვებს და შემოქმედებითი აზროვნება ჩამოვუყალიბო, რათა მათ შეძლონ გარკვეული პრობლემების გადაჭრა და ჩანაფიქრების დამოუკიდებლად განხორციელება. ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ვახორციელებთ პატარ-პატარა პროექტებს, რაც თავადაც მეხმარება, გახდეს ჩემი ინსპირაციის წყარო, მათ ხომ ულევი ფანტაზია აქვთ.
– თბილი და ფერადოვანი ნამუშევრები გაქვთ. როგორ მუშაობთ? როგორ მოდის შთაგონება?
– ძალიან მიყვარს მზე და სითბო. ეს ჩემი სტიქიაა. შესაბამისად, ალბათ აქედან მოდის თბილი ფერები და განწყობა ჩემს ნამუშევრებში.
სამყარო მრავალფეროვანია და ეს ჩემთვის მისაბაძი მაგალითია. ვცდილობ, ვიპოვო, შევიმეცნო და გამოვიყენო თითოეული აღმოჩენილი ფერი ნამუშევრებში.
– გამორჩეულია თქვენი ნამუშევრები დედაშვილობის თემაზე… როგორ შეიქმნა „ოჯახი“?
– დედაშვილობის თემა მოდის უზომო და ულევი შვილებისადმი სიყვარულით, ეს ყოველივე ენით აღუწერელია, მხოლოდ ნახატებით გადმოცემა თუ შემიძლია.
– რომელიმე ნამუშევრის შექმნის საინტერესო ამბავი…
– რატომღაც ხშირად მქონია ასეთი მომენტი: ის პერსონაჟები, რომლებსაც მე ვხატავ ჩემი ფანტაზიით, უმეტეს შემთხვევაში, მართლაც არსებობენ რეალურად. ერთხელ დავხატე წყვილი სათაურად – „ერთი ქოლგის ქვეშ” და გარკვეული დროის შემდეგ ბოტანიკურ ბაღში აღმოვაჩინე ეს წყვილი. სახტად დავრჩი. მსგავსი ტიპის სურათი ჩემ წინ იყო რეალობაში. ნატურებიც ძალიან ჰგავდნენ ჩემს პერსონაჟებს, რომლებიც ისხდნენ ერთი ქოლგის ქვეშ. ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები. სახტად დავრჩი, განწყობაც ისეთი მიდიოდა, როგორიც ჩემს ნამუშევარში იყო.
არ შემეძლო, არ მივსულიყავი და ჩემი ნამუშევრის შესახებ არ მეამბნა. ნახეს რა ნახატი, თვითონაც აღტაცებულები, აღფრთოვანებულები და ბედნიერები იყვნენ…
აი, ასე გავახარე სრულიად უცხო ადამიანები. ის დადებითი, რაც მე გავეცი, ორმაგად უკან დამიბრუნდა და გამაბედნიერა.
– ოჯახი…
– ოჯახი ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე წმინდაა, რაც გამაჩნია – მეუღლე და ორი შვილი.
– ჰობი…
– ჩემი ჰობი ბუნებაში გარემოსთან კონტაქტი და ბუნებრივი მასალებით გარკვეული სილუეტებისა და გამოსახულებების შექმნა, ძერწვა თიხაზე, ხეზე მუშაობაა…
– გამოფენები და სამომავლო გეგმები…
– ვმონაწილეობდი საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც ონლაინ ჩატარდა ინდოეთში და გამარჯვებულ ხუთ ქართველ მხატვარ შორის აღმოვჩნდი. ეს მოულოდნელი იყო და ამ ყოველივემ ჩემი თვითშეფასებაზე იმოქმედა, კიდევ უფრო აამაღლა და მოტივაციაც გამიჩინა სამომავლო გეგმებზე.
რაც შეეხება ახლო სამომავლო გეგმებს, 26 სექტემბერს საქართველო – ინდოეთის გამოფენა იგეგმება თბილისში, სადაც თავად ინდოეთის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
ასევე ვაპირებ მონაწილეობის მიღებას სხვადასხვა გამოფენაში.
თამარ შაიშმელაშვილი