სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა.
როგორც მან აღნიშნა, ყოფილ მაღალჩინოსანს სახის არეში შეშუპება, ხელის მტევნებსა და ფეხებზე კი, სილურჯეები აქვს.
„აღენიშნება ფიზიკური დაზიანებებიც, რომელიც თვალსაჩინოა, ნახა ექიმმაც და შეაფასა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც ჩემი თვალითაც დავინახე, იყო სახის არეში შეშუპება, ხელის მტევნებზე და მუხლებზე სილურჯეები, რაც დაკავების დროს მოხდა. მას შემდეგ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც თავად თქვა. თვითონ ამბობს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი დაკავება. შეტყობინება არ ყოფილა მის მიმართ გაკეთებული და, შესაბამისად, არ ელოდებოდა მსგავსი სახის სპეცოპერაცია რომ ინიშნებოდა“, – განაცხადა ქეთევან ხვედელიანმა.
შეგახსენებთ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.