ვლადიმერ ბოჟაძე: რადიკალური ოპოზიცია, ნაცვლად იმისა, რომ ნაბიჯები გადადგას პოლარიზაციის შესამცირებლად, პირიქით, მას აღრმავებს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, დეპოლარიზაციაზე და მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის ქმედებებზე განცხადება გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ოპოზიცია პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს.

„მინდა გამოვეხმაურო ევროკავშირის მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების ნაწილს. საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა უკვე კონკრეტული გეგმა, კონკრეტული თარიღები. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ პირველი ამ ჩამონათვალში დეპოლარიზაცია. ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია, ნაცვლად იმისა, რომ ნაბიჯები გადადგას პოლარიზაციის შესამცირებლად, პირიქით აღრმავებს და ჩვენ ძალიან სამწუხარო ფაქტი ვიხილეთ 12 ივლისს, როდესაც ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თბილისის საკრებულო არ შეკრებილიყო. ამით მათ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს პოლარიზაციის გაღრმავებისკენ. თუმცა ჩვენ გვაქვს ამოცანები, კონკრეტული პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების წინაშე,“– განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა განაცხადა, რომ ოპოზიციას შეუძლია მომავალშიც არ მიიღოს მონაწილეობა საკრებულოს სხდომებში, თუმცა მათ გარეშეც მიიღებს მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

„შეგიძლიათ მომავალშიც არ მიიღოთ მონაწილეობა საკრებულოს სხდომაში, ისე როგორც მოიქეცით 12 ივლისს და დიახ, თქვენს გარეშე გადავცემთ ანწუხელიძის ოჯახს მიწის ნაკვეთს, თქვენს გარეშე გავაგრძელებთ უკრაინელი დევნილების დაფინანსებას, თქვენს გარეშე გავაგრძელებთ ქონების გადაცემას, ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და ქვეყნის განვითარებას. ისევე, როგორც თქვენს გარეშე მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, თქვენს გარეშე გავხდებით ევროკავშირის წევრები და როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, თქვენ იქნებით ისევ იქ, სადაც ახლა ხართ, იქ სადაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მიგიჩინათ საზოგადოებამ ადგილი,“- დასძინა ვლადიმერ ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები