ქაღალდის გოგონა – ნინიკემო ჯოხაძე
იაპონელები ამბობენ, რომ თუ გააკეთებ 100 ცალ ორიგამს და სურვილს ჩაუთქვამ, ის აუცილებლად ასრულდება. ნინიკემო ჯოხაძემ იაპონურ კულტურაში საკუთარი ქაღალდი გადაფურცლა და ოცნებაც აიხდინა. იაპონური ხელოვნების დარგის ქართული გადაწყვეტა მის ნამუშევრებში ინდივიდუალური და ორიგინალურია. ორიგამის არტისტი ნინიკემო ჯოხაძე მტრედების ფარდით, წეროებით, გედებით და პორტრეტებით საიმპერატორო კარის ხელოვნებაზე გვიყვება.
– ქაღალდით თამაში ბავშვობაში გიყვარდა?
– ხატვა ბავშვობიდან მიყვარს. ამიტომ სამხატვრო სკოლის დასრულების შემდეგ ვფიქრობდი, სწავლა ამ კუთხით გამეგრძელებინა. უფრო მეტად სამოსის და ფეხსაცმლის დიზაინის ხატვა მიყვარდა. აქტიურად ვაკეთებდი ხელნაკეთ ნივთებს, რომლებიც იყო სრულიად განსხვავებული ერთმანეთისგან და ექსკლუზიური. ასეთი 200-მდე ნამუშევარი გავაკეთე, რომლებიც გამოფენა-გაყიდვაზე სრულად გაიყიდა. თუმცა ამ საქმიანობის გაგრძელებამ აღარ დამაინტერესა და რაღაც იშვიათი და ორიგინალური ხელობის სწავლა მომინდა.
– ორიგამი საკმაოდ იშვიათი ხელოვნებაა. როგორ აღმოაჩინე საკუთარ თავში ამ საქმისადმი ინტერესი? როგორ მიხვედი აქამდე?
– დავინტერესდი ქაღალდით, რისი გაკეთება შეიძლებოდა. მოვიძიე წიგნები, გამოვიყენე ინტერნეტი და მივაგენი ამ ხელობას, რომელმაც ძალიან დამაინტერესა. მაშინ საქართველოში მხოლოდ ერთი ადამიანი აკეთებდა ორიგამს და კიდევ უფრო იშვიათი იყო. ორიგამში დახელოვნებას უცხოელი ხელოვანები მასწავლიდნენ და უკვე 6 წელია ამ სფეროში ვმუშაობ.
– გაგიჭირდა ორიგამის სწავლა დამოუკიდებლად?
– საკმაოდ რთულია ამ ხელოვნების სწავლა, თუმცა მთავრია ინტერესი და მონდომება. როცა მონდომებული ხარ, ყველაფერს მიაღწევ. მათ შორის ორიგამის ხელოვნებაშიც.
– თუმცა ეს საქმე დიდ შრომას და დროს მოითხოვს..
– ძალიან დიდი დრო მიაქვს. მარტივი ფიგურების გაკეთებასაც კი დღეები სჭირდება.
– როგორია ორიგამის კეთების ტექნიკა?
– ტრადიციული ორიგამი წებოს გარეშე კეთდება. მხოლოდ ქაღალდით. სპეციალური ნაკეცით. წებოს მეც იშვიათად, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყენებ, როცა სასაჩუქრე ფიგურას ვამზადებ. უმეტესად სამგანზომილებიან ფიგურებზე ვმუშაობ. ახლა დიდი ზომის ნაკეთობებს შევეჭიდე, რომლებსაც საგამოფენოდ ვამზადებ.
– თუმცა დიდი ფიგურებიც ქაღალდის პატარა ნაჭრებისგან იწყობა…
– რაც ყველაზე სახალისო მომენტია. როდესაც პატარა ნაჭრებით აწყობილი ნამუშევარი ისეთი გამოდის, როგორიც ჩაფიქრებული გქონდა. თუმცა ფიგურა ხშირად მუშაობის დროს იცვლის ფორმას და ითხოვს შეცვლას. მთავარი მაინც პრაქტიკაა.
– რა ემოციებს იწვევს შენში ორიგამზე მუშაობა?
– ძალიან სასიამოვნოა. ერთგვარი არტთერაპიაა, რომელსაც ძალიან სასიამოვნო ემოციები მოაქვს. მამშვიდებს და ენერგიით მავსებს. ხელოვნების ამ დარგს იაპონიაში სკოლებში ასწავლიან, რადგან ეს ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო პროცესია, რომელიც ბავშვებში ბევრ კარგ თვისებას ავითარებს.
– საინტერესო პროექტების ავტორი ხარ, გამოფენას გეგმავ?
– ჩემი ნამუშევრებით ჯგუფურ გამოფენებზე ვმონაწილეობდი. ახლა პერსონალური გამოფენისთვის ვემზადები. ამისთვის ვაკეთებ დიდი ზომის ნაკეთობებს. ყველაზე მეტად მაინც გედის და წეროს ფიგურის კეთება მიყვარს, რომელიც ორიგამის სიმბოლოა. ცოტა ხნის წინ ორიგამის მტრედების ფარდა გავაკეთე, რომელიც ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა.
– რომელ ორიგამს გააკეთებდი…
– ძალიან მინდა ქალაქში ერთი გრანდიოზული ფიგურის გაკეთება, რომელიც იქნება ქაღალდის ორიგამი, ოღონდ ძალიან დიდი ზომის.
ნანუკა ალავიძე