სასამართლომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 30 მლნ ლარი დაუყადაღა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ აქციონერებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 30 მლნ ლარამდე მისაღები დივიდენდები დაუყადაღა, – ამის შესახებ ინფორმაცია „თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის, იან მალქოლმ ჰოქის ადვოკატმა, დიმიტრი ტორაძემ “კვირას” სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა.

ადვოკატის განცხადებით, ბრიტანელი აქციონერი „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ ზემოხსენებული პირების, ავთანდილ წერეთლის და კომპანიების „სამგორი თრეიდის“ და „სამგორი M”-ის მხრიდან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით, 50 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს, ხოლო სასარჩელო უზრუნველყოფა მხოლოდ იმის გარანტიაა, რომ მოპასუხეები საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ ზარალის ანაზღაურებას ვერ გაექცევიან.

დივიდენდების დაყადაღების თაობაზე განჩინება სასამართლომ 17 ივნისს მიიღო.

დიმიტრი ტორაძემ აღნიშნა, რომ დღეს თავად წარუდგენს ბანკს სამართლებრივ დოკუმენტს და საქმის დამატებით დეტალებზე დღეს, 12:00 საათზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

ცნობისთვის, ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა” და შპს „სამგორი M”-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან” სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი.

იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M”-სა და „სამგორი თრეიდს” სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა” სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.

მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.

კომპანიებს „სამგორი M”-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები