ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის გზის 11.6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თერჯოლის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზაზე 11.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იწყება ქალაქ თერჯოლის ცენტრში და გაივლის სოფლებს: რუფოთს, ახალ თერჯოლას, ჩხარს და სოფელ ძევრს. პროექტის შესაბამისად, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხელოვნურ ნაგებობებს, მოეწყო მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. ჩატარდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები.
პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8.5 მილიონი ლარით ფინანსდება.