ანრი ოხანაშვილი: ვიწროპარტიულ ინტერესებს ყოველთვის ფაქტებს დავუპირისპირებთ
„რადიკალური ჯგუფი ყოველთვის ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვიწროპარტიულ ინტერესებს მმართველი გუნდი ყოველთვის ფაქტებს დაუპირისპირებს.
“ოპოზიციის რადიკალური ჯგუფების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანია არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ასეთი კამპანია არ გვიკვირს, რადგან იგივე ხდებოდა, მაგალითად, ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. რადიკალური ჯგუფი ყოველთვის მოქმედებდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ისინი დაუფარავად, საჯაროდაც ამბობდნენ, რომ დადიოდნენ სხვადასხვა სტრუქტურებში და ცდილობდნენ ვიწროპარტიული ინტერესების მიწოდებას ჩვენი პარტნიორებისთვის. ეს მავნებლური კამპანია, სამწუხაროდ, დღესაც სახეზეა. ეს ინფორმაცია თვალხილულია და რადიკალურ ჯგუფებს ის არ უარყვიათ. ჩვენ გაორმაგებული გვაქვს ძალისხმევა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დეზინფორმაციული კამპანია ყოველ ჯერზე ვამხილოთ. ამ აღქმებს და ვიწროპარტიულ ინტერესებს ყოველთვის დავუპირისპირებთ ფაქტებს, გატარებულ რეფორმებს, განხორციელებულ საქმეს და სამომავლო ნაბიჯებს“, – აცხადებს ოხანაშვილი.