„თითქოს, ეს ყველაფერი ჩვენს თავს არ ხდებოდა“ – გადარჩენილის ისტორია იზიუმიდან
უკვე მეორე თვეა, ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ომამდე იზიუმში 50 000 ადამიანი ცხოვრობდა. აპრილის ბოლოს ქალაქში, დაახლოებით, 15000 ადამიანი იყო დარჩენილი.
უკრაინელი ჯარისკაცები იზიუმთან ბრძოლას ყოველდღე აგრძელებენ და ქალაქში მდგომარეობა კვლავ ძალიან მძიმეა. ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში ქალაქში წყალი, ელექტროენერგია და გათბობა აღარ იყო, საცხოვრებელი კორპუსები კი, თითქმის, მთლიანად განადგურდა.
„დაბომბვა იყო აბსოლუტურად ბარბაროსული და ქაოსური. გაუგებარია, რა სამხედრო ლოგიკა შეიძლებოდა ყოფილიყო იქ. ყველაფერი გაანადგურეს. მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი მემორიალი, საბავშვო ბაღები, ლიცეუმი, სამედიცინო და სოციალური დაწესებულებები, გზები, საფეხმავლო ხიდი, ცენტრალური მოედანი, პარკი, არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები – აპოკალიფსური სურათია…“ – ამბობს იზიუმის მერის მოადგილე ვლადიმირ მაცოკინი.
„უკრაინსკაია პრავდა. ჟიზნი“ ესაუბრა იზიუმის მაცხოვრებლებს ევაკუაციაზე და სახლში დაბრუნების გეგმებზე – მათ, ვინც მოახერხეს ქალაქის დატოვება ტყვიების ცვენაში.
„თითქოს, ეს ყველაფერი ჩვენს თავს არ ხდებოდა“
24 თებერვალს, დილის 6 საათზე ვალენტინას ძმისშვილმა, დიმიტრიმ დაურეკა ხარკოვიდან: „მამიდა ვალია, რუსეთმა ბომბები დაგვიშინა“.
„თავიდან არ მჯეროდა. შევედი ინტერნეტში და დავინახე, რომ ომი მართლაც დაიწყო, მაგრამ იმ დღეს იზიუმი არ დაუბომბავთ. ინტერნეტი მუშაობდა, დენი, წყალი იყო. სახლში ვისხედით და ვუყურებდით ომს ონლაინ, თითქოს, ეს ყველაფერი ჩვენთან არ ხდებოდა“, – იხსენებს ის.
მაგრამ უკვე ომის პირველ დღეს ვალენტინამ დაიწყო მზადება იმისთვის, რომ ქალაქში საომარი მოქმედებები შეიძლება გამოცხადებულიყო.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან პირველ დღეს შედარებით სიმშვიდე იყო, ვიცოდით, რომ ურწმუნოები აქ მოვიდოდნენ, რადგან იზიუმი, რეალურად, დონბასის კარიბჭეა. ამიტომ, პირველ რიგში, ფული გამოვიტანე ბანკომატიდან. ჩვენ არ გვჯეროდა, რომ ომი იქნებოდა, ამიტომ სპეციალურ მარაგებზე არ გვიზრუნია. რიგში დგომისას ყველა მარცვლეული და მაკარონი უკვე გაიყიდა. მოვახერხეთ ბოსტნეულის ყიდვა – კომბოსტო, კარტოფილი. ჩემმა ქმარმა მითხრა, ბევრი არ წამოიღოო, მაგრამ მე არ მოვუსმინე… და ეს სწორი იყო, რადგან ორი დღის შემდეგ მაღაზიაში პროდუქცია გათავდა.“
ქალაქი 27 თებერვალს დაბომბეს. მაშინ ვალენტინა და მისი ქმარი პირველად ჩავიდნენ სარდაფში.
2 მარტს რუსებმა ქალაქი კვლავ დაბომბეს. ერთი რაკეტა უკრაინსკაიას ქუჩაზე მდებარე სახლს მოხვდა. კორპუსი ბანქოს სახლივით დაიშალა და მოიყოლა რვა მცხოვრები, მათ შორის, ორი ბავშვი.
მარტის დასაწყისში ვალენტინას მულმა მათ იზიუმთან ახლომდებარე სოფელში წასვლა შესთავაზა.
„ნატაშას, ჩემი ქმრის დას, იზიუმთან ახლოს სახლი აქვს, რომლის გათბობაც შესაძლებელია შეშით და საკვების მარაგიც არის. თუმცა, უარი ვთქვით წასვლაზე, რადგან მაშინ ჯერ კიდევ გვქონდა სინათლე და გათბობა. 7 მარტის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ჯერ წყალი გაქრა, მერე – სინათლე და გათბობა. ქალაქი იზოლირებული გახდა. მივხვდით, რომ ეს დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდებოდა.“
იზიუმი რუსეთის ბლოკადაში იყო. ეს მნიშვნელოვნად ართულებს ქალაქის ევაკუაციას.
„ჩვენ ვგრძნობდით, რომ მიტოვებულები ვიყავით. ქალაქის ხელისუფლებამ დატოვა ქალაქი. ძალიან რთული იყო კომუნიკაციის გარეშე, ელექტროენერგიის გარეშე. არ ვიცოდით, რა გვექნა, სად გავქცეულიყავით. 10 მარტი ძალიან ცივი დღე იყო, – 15 გრადუსი, ძალიან შემეშინდა.“
ქალმა წამოსვლა შემთხვევით მოახერხა.
„გამოვედი სარდაფიდან, სადაც მთელი ღამე გავატარეთ და ვიგრძენი, რომ ქალაქიდან უნდა წავსულიყავი. მე ვნახე მანქანა. ჩვენი ჯარისკაცები ქალაქს ტოვებდნენ, ევაკუაცია მეც შემომთავაზეს, თან მეუღლის წაყვანა მინდოდა, მაგრამ მან ევაკუაციაზე კატეგორიული უარი თქვა. მე მაინც გადავწყვიტე წასვლა, მეუღლეც წინააღმდეგი არ იყო.“
ასე რომ, სამხედროებმა ვალენტინა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წაიყვანეს. შემდეგ მოხალისეები დაეხმარნენ მას პოლონეთში გამგზავრებაში. ქმარი იზიუმში დარჩა. მათთან კომუნიკაცია, თითქმის, თვე-ნახევარია არ ყოფილა.
„13 მარტის შემდეგ იზიუმის დატოვება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო – მთელი ქალაქი რუსების კონტროლის ქვეშ მოექცა. ერთადერთი გამოსავალი ტყე და მდინარე იყო. იზიუმში მე კიდევ ბიძაშვილი დამრჩა, ის მეხანძრეა. რუსებს სიები ჰქონდათ და მასთან მივიდნენ. აწამეს და შემდეგ გაათავისუფლეს. რა სჭირს ახლა მას, არ ვიცი. დიდი იმედი მაქვს, რომ ცოცხალია, – ცრემლს იწმენდს ვალენტინა.
ქალაქის განთავისუფლების შემდეგ ქალს იმედი აქვს, რომ სახლში დაბრუნდება და იზიუმის აღდგენაში მონაწილეობას მიღებს:
„ახლა საზღვარგარეთ შედარებით უსაფრთხოდ ვარ, თუმცა ძალიან მენატრება ჩემი სახლი, იზიუმი. ძალიან მენატრება იქაური ნათესავები“, – ამბობს ვალენტინა.