„ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომელიც გამთლიანების მაგივრად მოიტანს მეტ დაპირისპირებას“

  საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება. დავით ბაქრაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე უარყოფითად აისახება.
“გუშინ, ტრადიციულად ქცეულმა ღამის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. ამით საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომლის წინააღმდეგაც ხელისუფლებას აფრთხილებდა ჩვენი ყველა სტრატეგიული მოკავშირე, ამით ხელსუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომლითაც ახალ ეტაპზე გადადის წინა ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა და დევნა. ამით ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომელიც გამთლიანების მაგივრად მოიტანს მეტ დაპირისპირებას და მეტ პოლარიზაციას. ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც ჩვენს თვალწინ ფორმირდება ახალი მსოფლიო წესრიგი, როდესაც უკრაინის მოვლენებისა და სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, ჩვენს თვალწინ ჩნდება წყალგამყოფი, რომლის ერთ მხარეს დგას დემოკრატიული მსოფლიო – ამერიკა და ევროკავშირი და მეორე მხარეს, რუსეთი. ამ დროს საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯს, რომლის წინააღმდეგ მას დაჟინებით აფრთხილებდნენ ჩვენი მოკავშირეები, დგამს ნაბიჯს, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა აშშ და ევროკავშირი. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნაბიჯი ჩვენ მთავარი მოკავშირეებისგან გადაგვიყვანს წყალგამყოფის მეორე მხარეს – იქ, სადაც არის რუსეთი”, – განაცხადა ბაქრაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის განმარტებით, ერთადერთი მხარე, რომელიც ამ ნაბიჯს მოწონებით შეხვდა რუსეთი და ვლადიმერ პუტინია.
“სამწუხაროა, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი აღმოჩნდა არა ის, ყველაფერი გაეკეთებინა ევროკავშირთან ურთიერთობების გასაღრმავებლად, არამედ ის, რომ განეხორციელებინა საკუთარი პოლიტიკური დევნის ამოცანა. ეს არის ის, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე. მინდა თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული არჩევანი, ვუთხრა – ის რაც გააკეთა ხელისუფლებამ, არის ცუდი ჩვენი საერთო მომავლისთვის. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხელისუფლების უგუნურმა ნაბიჯებმა საფრთხე ვერ შეუქმნას დასავლურ მომავალს. ამ მიმართულებით ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება”, – განმარტა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები