კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ორი კომპანიის კონცენტრაციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ორი კომპანიის კონცენტრაციასთან (გაერთიანება) დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რომელიც სამშენებლო-საყალიბე და უსაფრთხოების სისტემების ბაზრებს ეხება, – ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკითხი ეხება – „ანაგის” მიერ „ჯი თი სი თრეიდინგის” 50%-იანი წილის შეძენას, რომელიც 2021 წლის 18 ნოემბერს სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა.

შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ეკონომიკურ აგენტს (მყიდველს)კონკურენციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა და ეთხოვა განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ ინფორმაციის სააგენტოში წარმოდგენა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესწავლა.

ორი კომპანიის გაერთიანებასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების თანახმად, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ – ამა წლის 12 მაისამდე: ელ. ფოსტაზე info@gnca.gov.ge ან მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-10 სართული.

კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.
სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში კომპანიები მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან. 2021-2022 წლებში, 3 კონცენტრაცია (შერწყმა) შედგა სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინებით. 1 კონცენტრაცია (გაერთიანება) სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, ეკონომიკურ აგენტს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა. საკითხის შესწავლის შემდეგ გაიცა თანხმობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები